22 January 2020

ნაწილი 2.2: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

ალი იბნუ’ლ-მედენიც, მუაზისგან მსგავს ჰადისს გადმოგვცემს. ბეიჰაყი ამბობს: „ალი იბნ მუჰამმედ იბნ ბიშრანი, აბუ ჯაფერ არ-რაზის, ჰანბელ იბნუ’ლ-ჰუსეინისა და ალი იბნ აბდულლაჰის გზით გადმოგვცემს და ამბობს რომ ჰადისი სახიხია.“ იბნუ’ლ-ყაიიმი ამ ჰადისის სხვა გადმოცემებს გვიამბობს და თან დასძენს: „ეს ჰადისები ერთმანეთს აძლიერებს, შარიათის ყაიდაც მას ემხრობა.“ ამ ჰადისებში არსებული ინფორმაციის მიღება-დადასტურება სალაფი სწავლულებისა და აჰლი სუნნეთის მეზჰებია. მათ ეს შეხედულება სხვადასხვა წიგნებში გადმოსცეს, მათ შორისაა „ალ-მაყაალაატ“.
თუ იტყვის ვინმე, რომ იბნ აბდულბარრი ამ ჰადისებს არ ემხრობა, რასაც მისი სიტყვები ამტკიცებს: „სწავლულები ამ საკითხის შესახებ გადმოცემულ ჰადისებს არ ღებულობენ, რადგან ახირეთი ამელისა და გამოცდის ადგილი არ არის. მაშინ, როდესაც ადამიანზე იმის დაკისრება არ შეიძლება, რაც მის ძალებს აღემატება, როგორ შეიძლება,  რომ ალლაჰმა ქმნილებებს შეუძლებელი რამ დააკისროს.“ მაშინ პასუხის გაცემა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი:
პირველი: სწავლულებს ეს ჰადისი არ უარყვიათ. უფრო მეტიც, მსგავს აზრს უმრავლესობაც კი არ ემხრობა.
მეორე: აბუ’ლ-ჰასენ ალ-აშ’არიმ ეს შეხედულება აჰლი სუნნეთისგან გადმოსცა და მიანიშნა იმაზე, რომ აჰლი სუნნეთის შეხედულება ამ ჰადისების აღიარებისკენ/მიღებისკენ იყო მიმართული.
მესამე: ასვადის მიერ გადმოცემული ჰადისი სხვა ბევრ ჰადისზე, რომლებსაც დალილად ისევ ასვადის ჰადისი ახლავს, უფრო ძლიერია. სწორედ ამის გამო, იმამებიდან აჰმედ ბინ ჰანბელი, ისჰაყი და ალი იბნ მედიენი ამ ჰადისს გადმოსცემს.
მეოთხე: იმამების ნაწილი ახირეთში გამოცდას ემხრობა და ამბობს: „ვალდებულებები მხოლოდ სამოთხეში და ჯოჯოხეთში წყდება.“ ბეიჰაყი ამ სიტყვებს სალაფებისგან გადმოგვცემს.
მეხუთე: სახიხში, აბუ ჰურაირასგან და აბუ საიდისგან გადმოცემულია პიროვნების შესახებ, რომელიც სამოთხეში ყველაზე ბოლოს შევა: „ალლაჰი მისგან სიტყვას აიღებს, რომ არ ისურვებს იმაზე მეტს, რასაც ალლაჰი მისცემს. ის პირობას არ შეასრულებს და ალლაჰს კიდევ სხვა რამეს სთხოვს. ალლაჰი მას ეტყვის: ‘შეთანხმება არ შეასრულე.’“ შეთანხმება იყოს ის, რომ მას იმაზე მეტი არ უნდა მოეთხოვა, რასაც ალლაჰი მისცემდა.[1]
მეექვსე: იბნ აბდულბარის სიტყვებს „ქმნილებებს ამის ძალა არ შესწევთ“ ორი გზით ვუპასუხებთ: უპირველესყოვლისა ეს არ არის ისეთი შეთავაზება/მოწოდება, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რთულად შესასრულებელია. მსგავსი მდგომარეობისა, როდესაც ისრაელის შვილებს ებრძანათ თავიანთი შვილების, მეუღლეებისა და მამების სიკვდილით დასჯა იქიდან გამომდინარე, რომ მათ კერპს თაყვანი სცეს... ასევე, ისინი გამოგზავნილ ელჩს თუ დაემორჩილებიან და ცეცხლში შევლენ, მაშინ მათ ცეცხლი ზიანს არ მიაყენებს, მათთვის გრილი და მშვიდობის მომტანი გახდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი საქმის შესრულების ვალდებულება არ დაეკისრებათ.
მეშვიდე: გადარჩენის მიზეზი ცეცხლში შესვლა თუ არის, მაშინ მისი შესრულების პასუხისმგებლობის უარყოფა როგორ შეიძლება?! ეს მსგავსია „სირათის“ ხიდის გავლაზე, რომელიც ბეწვზე წვრილი და ხმალზე უფრო მეტად ბასრია, თუმცა იგი სამოთხეში შესვლის მიზეზია.[2]
აბუ საიდ ალ ჰუდრი ამბობს: „ჩემთან მოაღწია ამბავმა, რომ ‘სირათი’ ბეწვზე წვრილი და ხმალზე უფრო ბასრია.“[3] „სირათის“ გავლა ისევე, როგორც ცეცხლში შესვლა, რთულად შესასრულებელი საქმეა, თუმცა ორივე მათგანს გადარჩენისკენ მივყავართ. ყველაზე უკეთ ალლაჰმა უწყის.
მერვე: მათ ჰადისი იმის გამო უარყვეს, რომ მასში არსებული რამ შეუძლებლად მიიჩნიეს. ჰადისების ამ ფორმით უარყოფა კი არ ხდება. ადამიანები ამ ორი გზიდან ერთ-ერთს აირჩევენ: ზოგიერთები საფუძვლად მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ნებას აიღებენ. მსგავსი ადამიანები მსგავს ქმედებებს შეუძლებლად არ მიიჩნევენ. ზოგიერთები კი, საფუძვლად სიბრძნესა და მოსაზრებას ღებულობენ. როგორც წინათ ვთქვით, სახიხი არგუმენტები ამავე დროს ერთ-ერთ სიბრძნეზე მიანიშნებს .
მეცხრე: ამ ჰადისებიდან ყველაზე სახიხი ესვედის ჰადისია. ისინი ალლაჰს ბრძანების შესრულების პირობას მისცემენ. ალლაჰი კი მათ გამოცდისთვის ცეცხლში შესვლას უბრძანებს. ბრძანებას თუ დაარღვევენ, მაშინ ეს მოხდება არა მათი შეუძლებლობის გამო, არამედ ამხედრებისა და დაუმორჩილებლობის გამო. როგორ შეიძლება ითქვას ის, რომ ამ ბრძანების შესრულება შეუძლებელია?!
თუ იტყვიან: „ახირეთი  პასუხისმგებლობის კი არა, განსჯის ადგილია და როგორ შეიძლება იქ გამოცდა ჩატარდეს?“ მაშინ პასუხს შემდეგნაირად გავცემთ: „პასუხისმგებლობა/ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ ‘დარუ’ლ-ყარარ’-ში (სამოთხე ან ჯოჯოხეთი) შესვლის დროს წყდება. ის (პასუხისმგებლობა) ‘ბერზაჰში’ და ‘არასათში’ არ წყდება. ის ფაქტი, რომ ‘ბერზაჰში’ ორი ანგელოზი კითხვებს დასვამს, ცნობილი საკითხია. რაც შეეხება ‘არასათს’, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „68/42. იმ დღეს, როცა გაირკვევა სიმართლე, სეჯდის აღსრულებისკენ მოხმობილ იქნებიან, მაგრამ ვერ შეძლებენ.“ ეს არის არგუმენტი იმისა, რომ უზენაესი ალლაჰი ყიამეთის დღეს ქმნილებებს სეჯდის შესრულებისკენ მოუწოდებს. იმ დღეს ქააფირები ამ ბრძანებას ვერ შეასრულებენ. სასჯელის მიზნით მათთვის ამ ბრძანების შესრულება შეუძლებელი გახდება, რადგან დედამიწაზე ყოფნის დროს ისინი ამით იყვნენ პასუხისმგებელნი და მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ ამის გაკეთება, არ შეასრულეს და ზურგი აქციეს. ყოველივე ამის გამო, ალლაჰმა სასჯელისა და სინანულის მიზნით მათზე ბრძანება მოავლინა, თუმცა შესრულების შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც ალლაჰი შემდეგ აიათში ბრძანებს: „68/43. შიშისგან თვალდახრილნი, შემოეკვრებათ მათ დამცირება, რამეთუ სეჯდის შესრულებისკენ ჯანმრთელობის დროს მოხმობილ იყვნენ.“
ეს ვალდებულება ‘ბერზაჰში’ გამოკითხვის მსგავსია. ის, ვინც სიცოცხლის დროს ალლაჰის მოპატიჟება მიიღო და შეასრულა იგი, ბერზაჰშიც იგივენაირად შეასრულებს. ხოლო, ის ვინც დედამიწაზე ყოფნის დროს მას ზურგი შეაქცია, ბერზაჰში მის შესრულებას ვეღარ შეძლებს. ვიღაცაზე იმის დავალდებულება, რაც მას არ შეუძლია, ამ შემთხვევაში ცუდი არ არის. პირიქით, იგი  ღვთაებრივი სიბრძნეა. ვინაიდან, ადამიანმა მას (ალლაჰის ბრძანებას) ზურქი შეაქცია მაშინ, როდესაც მისი შესრულება შეეძლო. ამის გამო, სინანულისა და სასჯელის მიზნით მას დაეკისრა ვალდებულება, რომელიც უნდა შეესრულებინა, თუმცა მისი შესრულება ალლაჰის მიერ დაბრკოლდა, რაშიც მოიაზრება ის, რომ ვალდებულება/პასუხისმგებლობა სამოთხეში ან ჯოჯოხეთში წყდება. როგორც ხედავთ, მტკიცებულებებისა და სიბრძნის მხრივ ყველაზე სახიხი (სანდო) შეხედულება ეს არის. ყველაზე უკეთ ალლაჰმა უწყის.“[4]



[1] მთარგმნელის შენიშვნა: „ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ალლაჰმა იგი გამოცადა, რაც თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შესვლამდე გამოცდა არსებობს.“
[2] მთარგმნელის შენიშვნა: „სირათის ხიდზე გავლაც რთულად შესასრულებელია, თუმცა ის მიზეზია გადარჩენის.“
[3] მუსლიმ.
[4] იბნუ’ლ-ყაიიმ, ტარიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ, 397-401. იბნი ქესირის თაფსირიც მსგავსია: 3/28-31; ასევე, მან არასათის ჰადისის სხვადასხვა გადმოცემის წყაროები მიუთითა: იბნ ჰაზმ, ალ-ფასლ, 4/105; სუიუტი, ალ-ჰავიი ლილ ფათავა, 2/356-359;