10 August 2019

ნაწილი 5. არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული ვაჰჰაბიზმი?


ახლა მინდა მოვიყვანო დალილი (მტკიცებულება), რომელიც ნამაზის დროს ხელების მკერდზე შეკვრას და თაქბირებით ლოცვას ეხება.
ტავუსმა თქვა: „ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზზე ყოფნისას მარჯვენა ხელს მარცხენა ხელზე, ორივეს ერთად კი მკერდზე დაიდებდა.“[1]
ვაილ ბინ ჰუჯრი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ნამაზი შევასრულე, მან მარჯვენა ხელი მარცხენა ხელზე მკერდზე დაიდო.“[2]
აბდულლაჰ ბინ ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „დავინახე ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზზე როცა დგებოდა ხელებს მხრების სიმაღლეზე წევდა, იგივეს აკეთებდა რუქუღის თაქბირისა და რუქუღიდან თავის წამოწევის დროს, შემდეგ კი ამბობდა: „სემი’ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ“. თუმცა სეჯდეზე ამას არ აკეთებდა.“[3]
აბუ ჰურეირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზის დასაწყებად თაქბირს როდესაც წარმოთქვამდა ხელებს მხრების სიმაღლეზე წევდა, როდესაც რუქუღზე მიდიოდა ხელებს ისევ იმ სიმაღლეზე წევდა, როდესაც რუქუღიდან სეჯდეზე წასასვლელად დგებოდა ხელებს ისევ იმ სიმაღლეზე წევდა და როდესაც ორი მუხლის შემდეგ ფეხზე დგებოდა ისევ იგივეს აკეთებდა.“[4]
მინდა მოვიყვანო მტკიცებულებები ყურანიდან და სარწმუნო ჰადისებიდან იმის შესახებ თუ როგორ წინააღმდეგობაში მოდის ერთღმერთიანობის პრინციპთან ამ სახელის ადამიანზე შერქმევა.
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„17/180. ყველაზე საუკეთესო სახელები ალლაჰისაა. მაშ, შეევედრეთ მას ამით და განერიდეთ, რომელნიც მის სახელების შესახებ ჭეშმარიტებას ცვლიან. მალე მიეზღვებათ იმისათვის, რასაც სჩადიოდნენ!“
აბუ შურაიჰი გადმოსცემს: „მე მქონდა ქუნია (ზედმეტსახელი) აბუ ალ-ჰაქემი (საუკეთესო მოსამართლე, მოსამართლის მამა). ერთხელაც ღმერთის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მითხრა: „უეჭველად, ღმერთი არის მოსამართლე და მისი განჩინება არის გადამწყვეტი.“ მე ვუთხარი: „როცა ჩემს ხალხში რაიმე უთანხმოებაა, ისინი მოდიან ჩემთან და მე იმ ფორმით განვსჯი მათ შორის, რომ ორივე მხარე კმაყოფილი რჩება.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გაიხარა და თქვა: „ეს ძალიან კარგია! მაგრამ ნუთუ არ გყავს შვილები?“ მე ვუპასუხე: „დიახ, შურაიჰი, მუსლიმი და ‘აბდულლაჰი.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იკითხა: „რომელია უფროსი? ვუპასუხე: „შურაიჰი.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „მაშ, ამიერიდან შენი ქუნია იქნება აბუ შურაიჰი!“[5]
ცნობილი გამოთქმა - ვაჰჰაბი, ვაჰჰაბისტი, ვაჰჰაბისტები, ვინც ეს სახელი დაარქვა ან დაუძახა ადამიანს, მისი ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება თავჰიდს (ერთღმერთიანობის პრინციპს) და არსებობს საფრთხე, რწმენიდან გასვლის! როგორც კი ადამიანს ვერ დავარქმევთ და ვერ დავუძახებთ ალლაჰს, რაჰმანს, რაჰიმს... ასევე ვერ დავარქმევთ და ვერ დავუძახებთ ვაჰჰაბს, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის სახელებია. შუამავალმა აბუ შურაიჰს გადაარქვა სახელი, რომელსაც ეძახნდნენ ჰაქემს (საუკეთესო მოსამართლეს) და დაარქვა აბუ შურაიჰი. ალლაჰს რომ 99 სახელი აქვს ამის მტკიცებულება შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისი და ასევე, წმინდა ყურანში მოცემული არგუმენტებია. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „ალლაჰს 99 სახელი აქვს. ვინც სიცოცხლის მანძილზე ალლაჰს ამგვარად იცნობს და სიცოცხლეს ამ რწმენით დაასრულებს, ინ შაა ალლაჰ (ალლაჰის ნებით) სამოთხეში შევა.“[6]
მინდა მივმართო მათ, რომლებიც ალლაჰის სახელ-თვისებას - “ვაჰჰაბ“-ს მუსლიმანებს არქმევენ: ნუთუ ფიქრობთ, რომ ამის გამო ალლაჰი პასუხს არ მოგთხოვთ?
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „7/180. ყველაზე საუკეთესო სახელები ალლაჰისაა. მაშ, შეევედრეთ მას ამით და განერიდეთ, რომელნიც მის სახელების შესახებ ჭეშმარიტებას ცვლიან. მალე მიეზღვებათ იმისათვის, რასაც სჩადიოდნენ!“
„20/8. არ არის ღვთაება, გარდა მისი - ალლაჰისა! მას ეკუთვნის ყველაზე მშვენიერი სახელები!“
„59/24. იგია ალლაჰი, გამჩენი, მაარსებელი, გამომსახველი. მას ეკუთვნის მშვენიერი სახელები. განადიდებენ მას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!“
ამგვარი უვიცობისთვის დიდი დაფიქრება გმართებთ. სამწუხაროდ თქვენგან ერთი ადამიანიც კი არ დაფიქრდა იმის შესახებ, რომ ალლაჰის სახელ-თვისება ადამიანს არ უნდა დაარქვას. ვინაიდან იგი დიდი უვიცობა და ცოდვაა. იმის ნაცვლად, რომ თავჰიდი (ერთღმერთიანობა) და ისლამის საფუძვლები შეისწავლოთ და დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე, მორწმუნე მუსლიმანებს დასცინით, ზედმეტ სახელებს არქმევთ და ზურგს უკან ჭორაობთ. ჭორაობა, დაცინვა და ზედმეტი სახელების შერქმევა კი დიდი ცოდვაა. ამის მტკიცებულება არის ყურანის აიათები და შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისები.
„49/11. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაე, ერთმა ხალხმა არ დასცინოს მეორე ხალხს, იქნებ ისინი უკეთესნი არიან მათზე. და არც ქალებმა სხვა ქალებს, ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე. და არ მოსცხოთ ჩირქი ერთმანეთს და არ მოუხმოთ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი მეტსახელებით. რწმენის მიღების შემდგომ რაოდენ ცუდი თვისებაა სისაძაგლე. ხოლო ვინც არ მოინანიებს, სწორედ, რომ ეგენი არიან უსამართლონი.
49/12. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს, რამეთუ ზოგი ვარაუდი ცოდვაა. და არ გამოიკვლიოთ ერთიმეორის შეცდომები და არ გაკილოს ზურგსუკან თქვენგან ზოგმა სხვები. განა სურს თქვენგან რომელიმეს, რომ მიირთვას ხორცი თავისი მკვდარი ძმისა? რა თქმა უნდა ვერ აიტანთ მას. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის! უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.“
აბუ ჰურაირას გადმოცემით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთ დღეს იკითხა: ‘იცით ჭორაობა რა არის?’ თანმიმდევრებმა უპასუხეს: ‘ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან.’ შუამავალმა ბრძანა: ‘ჭორაობა სულიერი ძმის, მისთვის მოუწონარი ფორმით მოხსენიებაა.’ გვერდით მყოფთაგან ერთ-ერთმა ჰკითხა: ‘ჩემი ნათქვამი ნაკლი იმ ძმას თუ გააჩნია, რას იტყვით?’ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: ‘თუ შენი ნათქვამი ნაკლი მას გააჩნია, ჭორაობაში ჩაგეთვლება, ხოლო თუ არა, მაშინ ცილის წამებად ჩაგეთვლება.’“[7]
ანას იბნ მალიქის გადმოცემით, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გვამცნობს: „ცად ამაღლებისას (მირაჯის ღამეს) შევხვდი საზოგადოებას, რომელიც სპილენძის ბრჭყალებით სახეს და გულმკერდს იხოკავდა. ვკითხე ჯიბრაილს თუ ვინ იყვნენ ისინი, მან მიპასუხა, რომ ისინი ჭორაობის გზით ადამიანების ხორცის მჭამელები და მათი ღირსებითა და ნამუსით მოთამაშნენი იყვნენ.“[8]
„33/58. ხოლო რომელნიც დაუმსახურებლად გულს სტკენენ მორწმუნე კაცებსა და ქალებს, უეჭველად, იტვირთეს ცილისწამება და აშკარა ცოდვა!“
 შევეცადე ამ თემით გადმომეცა სწორი ინფორმაცია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით რეალურად არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული ვაჰჰაბიზმი. მე მოგიწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, რომ კარგად წაიკითხოთ, გაიაზროთ და დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე.
დიდება ალლაჰს, სამყაროთა გამჩენს! სალამი და ლოცვა ჩვენს შუამავალ მუჰამმედს, მის ოჯახს, მის მეგობრებს და მის მიმდევრებს ყველას ერთად.


[1] ებუ დავუდ, 759.
[2] იბნი ხუზეიმე /ნ: 479. ბეიჰაყი, სუნე 2/30.
[3] ბუხარი, ეზან 84/736, ეზან 86/739; აბუ დავუდ, სალათ 118/722; ნესაი, იფთითაჰ 1/876, 2/877, 3/878, თატბიყ 21/1059, 37/1088, სეჰვ 3/1182; იბნი მაჯე, /: 858; მუვატტა, სალათ, /: 17.
[4] აბუ დავუდ, სალათ 119/738.
[5] აბუ დავუდი 4955; ან-ნასა 8/226.
[6] ბუჰარი, შურუთ, 17; მუსლიმი, ზიქირ, 27; თირმიზი, დავათ, 83 (3507); იბნ მაჯე, დუა, 10.
[7] მუსლიმი, ბირრი 70; აბუ დაუდი, ედებ, 40/4874.
[8] აბუ დაუდი, ედებ, 35/4878; აჰმედი 3/224;