27 July 2019

ნაწილი 1. სამი საფუძველი, ექვსი წესი და ოთხი ყაიდა

შესავალი

ქება-დიდება ალლაჰს. მშვიდობა  და დალოცვა მის შუამავალს, მის მიმყოლებს, საჰაბეებს და ყველა მორწმუნეს.
ამის შემდეგ:
ეს წიგნი სამ ნაწარმოებს შეიცავს:
1-      ალ-უსულუ’ს სალასა (სამი საფუძველი)
2-      ალ-უსულუ’ს სითთა (ექვსი წესი)
3-      ალ-ყავაიდუ’ლ არბა’ა (ოთხი ყაიდა)
ზემოთ მოხსენიებული სამი ნაწარმოები შეიხ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბისაა. ამ წიგნებში ძალიან ბევრი ახსნა-განმარტებანია მოცემული, რაც თავჰიდისა (ერთღმერთიანობისა) და რწმენის საფუძვლებს შეიცავს. ყოველივე ამის გამო ცოდნის მაძიებლები მათ დაზეპირებას, ალიმები სხვაზე სწავლებას და განმმარტებლები კი ღრმა მნიშვნელობების მოძიებას ცდილობდნენ.
ეს ნაწარმოებები ყველა მიმართულებით გავრცელდა და დაიბეჭდა. ალლაჰმა ამ ნაწარმოებების საშუალებით უამრავი ხალხი  შირქისგან (მრავალღმერთიანობისგან) და გზასაცდენილობისგან დაიცვა. უზენაესმა ალლაჰმა ნაწარმოებების ავტორი შეიწყალოს და სიკეთეებით დააჯილდოვოს.
ჩვენ მკითხველისგან ვითხოვთ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია დაისწავლოს, მათ მნიშვნელობაზე დაფიქრდეს, მათით იმოქმედოს და სხვა ადამიანები აქ მოცემულ საკითხებზე მოიპატიჟოს მანამ, სანამ გადარჩენის გზას არ მიაღწევს, მისით არ იმოქმედებს და სხვისი მასწავლებელი არ გახდება.

სამი საფუძველი

შეიხ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბმა (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „იცოდე, რომ ჩვენთვის შემდეგი ოთხი საკითხის ცოდნა საჭიროა:
პირველი: ცოდნა, რაც ალლაჰის, შუამავლისა და ისლამის არგუმენტებით ცოდნას გულისხმობს.
მეორე: მისი საშუალებით მოქმედება.
მესამე: მისკენ მოპატიჟება.
მეოთხე: ამ გზაზე ყოფნის დროს გამოწვეული სიძნელეებისადმი მოთმინება.
ამის არგუმენტი კი, უზენაესი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით:
„103/1. ვფიცავ, ღასვრს (1) (ესაა დრო, ან სამხრობის ან აბსოლუტური დრო)!
2. უეჭველად, ადამიანი წაგებულია!
3. გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ!”
შააფიმ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „ალლაჰს ქმნილებებისთვის სხვა სურა რომც არ გარდმოევლინა, ეს სურა საკმარისი იქნებოდა.“
ბუხარიმ კი თქვა: (ნაწილი: ამელსა (ქმედებასა) და სიტყვამდე ცოდნა), ამის დალილი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „47/19. მაშ იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისთვის...“
იცოდე, რომ ყოველი მუსლიმანი ქალისა და კაცისთვის შემდეგი სამი საკითხის შესწავლა და მისით მოქმედება ვააჯიბია:
პირველი: ალლაჰმა ჩვენ გაგვაჩინა, რიზყი (სარჩო) მოგვცა და მარტოდ-მარტო არ დაგვტოვა, ჩვენ შუამავლები გამოგვიგზავნა. ვინც მას გაჰყვება სამოთხეში შევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცეცხლში მოხვდება. დალილი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„73/15. უეჭველად, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენთან შუამავალი მოწმედ თქვენ წინააღმდეგ ისევე, როგორც წარვგზავნეთ ფარაონთან შუამავალი.
16. მაშინ ეურჩა ფარაონი შუამავალს, ამიტომაც შევიპყარით იგი მძლავრი შეპყრობით.“
მეორე: ალლაჰი არ არის კმაყოფილი, როდესაც მისთვის შესრულებულ ღვთისმსახურებაში შირქი ურევია, თუნდაც დაახლოებული ანგელოზი ან შუამავალი იყოს.
ამის დალილი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„72/18. და უეჭველად, სალოცავები ალლაჰს ეკუთვნის. დაე, ნუ შეევედრები ალლაჰთან ერთად ვინმეს!“
მესამე: ის, ვინც ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დაემორჩილება და ალლაჰის ერთობას დაამოწმებს, ძალიან ახლობელი რომც იყოს, ალლაჰისა და შუამავლის მტერს მეგობრად ვერ აიყვანს.
ამის არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„58/22. ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ ეგენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ჯიში-ჯილაგი. სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებში ჩანერგა რწმენა და განამტკიცა ეგენი მისგან სულით (1) (სინათლით, ყურანით); და შეიყვანს მათ სამოთხეში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. სწორედ ეგენი არიან ალლაჰის მიმდევრები. კარგად შეიმეცნეთ, უეჭველად, ნეტარ არინ მიმდევარნი ალლაჰისა!“
იცოდე, რომ ჰანიფობა იბრაჰიმის (‘ალეისალამ) მილლეთია (საზოგადეობაა). ისიც (‘ალეისალამ) მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰზე თაყვანისმცემელი იყო. უზენაესმა ალლაჰმა ყოველ ადამიანს ეს უბრძანა და ყოველი ადამიანი ამისთვის შექმნა. ისე, როგორც ალლაჰის შემდეგ სიტყვებშია ნათქვამი:
„51/56. და მე არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები, თუ არა ჩემდამი თაყვანისცემისთვის.“
„ჩემდანი თაყვანისცემისთვის“ ანუ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ერთადერთობა დაამოწმონ.
ალლაჰის მიერ ნაბრძანები ყველაზე დიდი რამ თავჰიდია (ერთღმერთიანობაა), რაც ღვთისმსახურების მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰზე მიძღვნას გულისხმობს. ასევე, ალლაჰის მიერ აკრძალული ყველაზე დიდი რამ შირქია, რაც ალლაჰთან ერთად სხვაზე თაყვანისცემის აკრძალვას გულისხმობს.
დალილი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია:
„4/36. თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ გაუხადოთ თანაზიარი მას.“