27 July 2019

ნაწილი 1. არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული ვაჰჰაბიზმი?


დიდება ალლაჰს, სამყაროთა გამჩენს! სალამი და ლოცვა ჩვენს შუამავალ მუჰამმედს, მის ოჯახს, მის მეგობრებს და მის მიმდევრებს ყველას ერთად.
სანამ სახელდობრივ ამ ტერმინის (ვაჰჰაბიზმის) აღწერაზე გადავიდოდე, მანამ მინდა მოკლედ ავხსნა ისლამის რელიგიის რაობა. ისლამი, რომელიც არაბულიდან თარგმანში ღვთისადმი მორჩილებას ნიშნავს, არის მონოთეისტური რელიგია, რომლის პრინციპები საბოლოოდ ჩამოყალიბდა შუამავალ მუჰამმედის ( სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მქადაგებლური მისიის პერიოდში. ისლამი არის იბრაჰიმის ანუ აბრაამის (მშვიდობა მას) ერთღმერთიანობის აღდგენა. ალლაჰის ყველა შუამავალი (მშვიდობა მათ) ადამიანებს მათი შექმნის ნამდვილ მიზეზს ასწავლიდა, რაც ერთი ღმერთის თაყვანისცემა იყო. უზენაესი ალლაჰი მის ბრძენ წიგნში ბრძანებს:
„16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს.“
თუმცა, ამის შემდეგ რელიგიას დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ემატება ხალხური დანამატები. გახალხურებული რელიგიის გამოსწორება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. წერილის ხალხთა (ებრაელებისა და ქრისტიანების) ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი სწორ გზას რელიგიაში ადამიანურ აზროვნებაზე დაფუძნებულმა დანამატებმა ააცდინა. ისლამმაც განიცადა ასეთი მძიმე დარტყმა. თემურ ლენგის შემოსევებმა დიდი დარტყმა მიაყენა სუნნის მიმდევრებს შამის ანუ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორიაზე, ერთღმერთიანობის ნათელი ოდნავაღა ატანდა იმ დანამატების ყრილს, რაც ხალხმა ღვთიურ გამოცხადებებს, ყურანსა და სუნნას დაუმატა. სულეიმან იბნ საჰმანი თავის წიგნში “ად-დია უშ-შარიყ’’-ში წერს: ადამიანები დაშორდნენ ერთღმერთიანობასა და რელიგიას. ვედრებისას ღმერთს კი აღარ ახსენებდნენ, არამედ წმინდანებსა და ევლიებს, კერპებს, თილისმებსა და სულებს მოუხმობდნენ. ბევრს სჯეროდა, რომ ქვებსა და სხვა უსულო საგნებს შეეძლოთ სიკეთის მოტანა, განსაკუთრებით კი ხეებს ევედრებოდნენ. სამწუხაროდ, სწავლულების დიდი ნაწილი თავად იყვნენ ამგვარ საქციელთა მხარის ამბმელები და ხალხს არ უშლიდნენ მსგავსი საქმეების ჩადენას. იბნ საჰმანი აგრძელებს: ქაიროში, სადაც მდებარეობს ალ-აზჰარი (უდიდესი მუსლიმანური სასწავლებელი, რომელიც მეათე საუკუნიდან არსებობს), ხალხმა ძველი კერპები და ფარაონის დროინდელი ვედრებები გაიხსენა. ფარაონების აკლდამებიდან ამოღებულ ნივთებს თილისმად იყენებდნენ. მთელი ეგვიპტე კი თვითმარქვია დევრიშებით[1] გაივსო. იგივე მდგომარეობა იყო თითქმის ყველა მუსლიმანურ მხარეში. ნამდვილი ერთღმერთიანობა ხალხმა დაივიწყა. ადგილობრივი წარმართული რიტუალები და წესები მათ ცხოვრებაზე სულ უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენდა. მცოდნენი კი მათ შეჩერებაზე არ ფიქრობდნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი ამგვარი საქმიანობიდან მიწიერ შემოსავალს ნახულობდა, ზოგი თანამდებობას და საზოგადოებრივ სტატუსს, ზოგსაც კი შიშის გამო ხალხთან დაპირისპირება არ სურდა. ცხოვრება გრძელდებოდა, ხალხი უფრო და უფრო შორდებოდა ერთღმერთიანობის იბრაჰიმისეულ ტრადიციას. რელიგიაზე საუბრისას სწავლულები სულ უფრო მეტად საკუთარ შეხედულებებს ეყრდნობოდნენ და არა ღვთიურ გამოცხადებას - ყურანსა და სუნნას. რელიგიის შესახებ ზღაპრებივით ჰყვებოდნენ ამა თუ იმ წმინდანისა და ევლიის სიზმრებს, უსტადებისა და დერვიშების გამოცხადებებს, ჯადოქრებისა და მუცლითმეზღაპრეების ნამკითხავებს და ., რომელსაც ხალხს ღვთიურ მითითებებად აცნობდნენ. ხალხი ჰაჯობის ნაცვლად საფლავების მოსანახულებლად დადიოდნენ. ნაჯდიში არსებული მდგომარეობის აღწერისას ჰუსაინ იბნ ღანნამი წერს:ნაჯდის მხარეში ხდებოდა მრავალი საზარელი რამ! ხალხი ზეიდ იბნ ჰატტაბის (ხალიფა ომარის ძმის, ღმერთი იყოს მათით კმაყოფილი) საფლავთან, ალ-ჯუბაილში ლოცულობდა. მას ხელის მომართვას, სიკეთის მოტანას და სურვილების ასრულებას შესთხოვდნენ. ხალხს მიაჩნდა, რომ დირ-იას ოაზისის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე საჰაბეს საფლავი იყო. მათთვის თაყვანსაცემად ამ ადგილას დიდი ხნით რჩებოდნენ, საფლავები მათში უფრო დიდ რიდს იწვევდნენ ვიდრე შემოქმედი ღმერთი. ისინი საფლავების მოსანახულებლად დადიოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ საფლავის მონახულებისას მათი სათხოვარი უფრო სწრაფად ასრულდებოდა. იგივე ხდებოდა შაიბაში, სადაც ხალხური წარმოდგენით, დირარ იბნ ალ-აზვარის სამარხი იყო. ხოლო, ალ-აფრას მახლობლად კი, იდგა მსხვილი პალმა, რომელსაც ხალხი უძლეველს ეძახდა და მასზე შესავედრებლად დადიოდნენ. ღარიბები მას დამატებით შემოსავალს, ავადმყოფები განკურნებას, გასათხოვარი ქალები კი კარგ საქმროს შესთხოვდნენ.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო ისლამი, როგორც არაბეთის ნახევარკუნძულზე, ისევე სხვა მუსლიმანურ მხარეებში. წარმართულმა და ხალხურმა რელიგიამ იბრაჰიმისეული ერთღმერთიანობა თითქმის მთლიანად გადაფარა. ხოლო, ისლამის სწავლულების დიდი ნაწილი, რომელთა პირდაპირი მოვალეობა ხალხის განათლება იყო, ამ მოვლენას გულგრილად შესცქეროდნენ.


[1] აღმოსავლეთის ქვეყნებში მოხეტიალე მუსლიმანი ბერი.