01 April 2019

ჯუმა ნამაზის სუნნეთი რამდენი მუხლია?


სწავლულებს ჯუმა ნამაზამდე შესასრულებელ ნაფილე (ნებაყოფლობით) ნამაზთან დაკავშირებით, სხვადასხვა აზრი გააჩნიათ. იბნ თეიმიიემ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეზნის შემდეგ, ჯუმამდე არაფერს ლოცულობდა. ჯუმამდე ლოცვის შესახებაც არაფერია გადმოცემული. შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დროს ეზანი მაშინ იკითხებოდა, როცა ის მინბერზე ავიდოდა და დაჯდებოდა. ბილალის მიერ ეზნის კითხვის შემდეგ, შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ორ ჰუტბეს ასრულებდა. შემდეგ ბილალი ყამეთს წაიკითხავდა, რის შემდეგაც შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჯამაათით ნამაზს ალოცებდა. ეზნის შემდეგ არც შუამავალს და არც ნამაზის შესასრულებლად მოსულ საჰაბეებს, ნაფილე ნამაზის ლოცვისთვის საშუალება არ ჰქონდათ. არც არავინ გადმოსცემს იმას, რომ ჯუმა დღეს მესჯიდში მოსვლამდე, ვინმეს სახლში ნაფილე ნამაზი შეესრულებინოს. ასევე, შუამავალსაც (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჯუმამდე განსაზღვრული რაოდენობის ნამაზის შესრულება არ დაუწესებია. პირიქით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჯუმა დღეს მესჯიდში მისვლის შემდეგ, დროისა და რაოდენობის განსაზღვრის გარეშე, მუსლიმანები ნამაზის შესრულებისთვის წაახალისა ისე, როგორც ჰადისშია გადმოცემული: „ვინც ჯუმა დღეს დიდ აბდესს (ღუსლს) აიღებს, შემდეგ კი, ჯუმისთვის მესჯიდში წავა, მისთვის სასურველი რაოდენობის ნამაზს შეასრულებს, შემდეგ ჰუტბეს მოუსმენს...“[1]

ეს არის ის, რასაც საჰაბეები გადმოგვცემენ. ისინი ჯუმა დღეს მესჯიდში შესვლის შემდეგ იმ რაოდენობის ნამაზს ასრულებდნენ, რამდენსაც თვითონ საჭიროდ ჩათვლიდნენ. ზოგიერთი ათ მუხლს ასრულებდა, ზოგი თორმეტს, ზოგი კი, უფრო ცოტას.
ყოველივე ამის გამო, იმამების უმრავლესობა თანხმდება, რომ: ჯუმა ნამაზამდე განსაზღვრული რაოდენობის ნამაზი არ არის, რადგან ამასთან დაკავშირებით შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვა და ქმედება ცნობილი არ არის. იმამ მალიქის, შაფიისა და საჰაბეების უმრავლესობის შეხედულება ეს არის. იმამ აჰმედის ცნობილი შეხედულებაც ამგვარია. ხოლო სწავლულებიდან ზოგიერთი ამბობს, რომ ჯუმა ნამაზამდე შესასრულებელი ნაფილე ნამაზი არსებობს.“[2]

სწორი კი არის ის, რომ ჯუმა ნამაზამდე სუნნეთი ნაფილე ნამაზი არ არის.“[3]

აქედან გამომდინარე, იმამის ჰუტბეზე ასვლამდე, პიროვნებას იმდენი რაოდენობის ნამაზის შესრულება შეუძლია, რამდენიც მას სურს. მესჯიდში შესვლის დროს კი, იმამი ჰუტბეს თუ კითხულობს, დაჯდომამდე ორ მუხლ ნამაზს შეასრულებს, რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჯუმა დღეს თქვენგან რომელიმე მესჯიდში შესვლის დროს იმამის ჰუტბეს თუ დაემთხვევა, მაშინ ეგრევე ორი მუხლი მოკლე ნამაზი შეასრულოს.“[4]

ხოლო, ჯუმა ნამაზის შემდეგ მესჯიდში ლოცვას თუ გადაწყვეტს, მაშინ ოთხ მუხლიან ნამაზს ილოცავს, ხოლო სახლში თუ გადაწყვეტს, მაშინ ორს. იბნ ომარისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულის მიხედვით, მან (იბნ ომარმა) შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ ნაფილე ნამაზის განმარტების დროს თქვა: „შუამავალი ჯუმა ნამაზის შესრულების შემდეგ წასვლამდე ნამაზს არ ასრულებდა. წასვლის შემდეგ კი, სახლში ორ მუხლს ასრულებდა...“[5]

აბუ ჰურეირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენგან რომელიმე ჯუმა ნამაზის შემდეგ, ნამაზის შესრულებას თუ გადაწყვეტს, მაშინ ოთხი მუხლი შეასრულოს.“[6]


[1] მუსლიმ, 1/587, ჰადისის №: 857.
[2] იბნ თეიმიიე, სუნნეთუ’ლ-ჯუმაა, გვ: 6-9.
[3] იბნ თეიმიიე, სუნნეთუ’ლ-ჯუმაა, გვ: 22.
[4] მუსლიმ, 1/597, ჰადისის №: 875.
[5] მუსლიმ, 1/600, ჰადისის №: 882.
[6] მუსლიმ, 1/600, ჰადისის №: 881.