04 June 2018

ითიყაფი


ითიყაფი

რომელიმე ადგილას ლოდინს, საკუთარი თავის ჩაკეტვას ნიშნავს. ისლამში მისი მნიშვნელობა კი რომელიმე მესჯიდში, ღვთისმსახურების მიზნით საკუთარი თავის რამოდენიმე დღით გამოკეტვაა.
ითიყაფი ყურანითა და სუნნეთით დამტკიცებულია. ყურანში რამაზნის თვის შესახებ საუბრის დროს ნათქვამია: „2/187.. და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარი (ითიყაფის დროს) არ ეთანაეცხოვროთ მათ (ცოლებს).“
სხვა აიათის მიხედვით კი ვხვდებით, რომ ითიყაფს მუჰამმად შუამავლამდე მოსული სხვა შუამავალიც ასრულებდა: „2/125. და აკი, დავადგინეთ ჩვენ ეს სახლი ხალხის შესაკრებად (მადლის შესაძენად) და უსაფრთხოდ მათთვის: აიღეთ იბრაჰიმის სადგომი სამლოცველოდ! და ჩვენ აღთქმა დავუდეთ იბრაჰიმსა და ისმაილს: განწმინდეთ ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარშემომვლელია, ღვთისმოსავია[1], რუქუღისა შემსრულებელიაო.“
აიშა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „შუამავალი რამაზნის ბოლო ათ დღეში ითიყაფს ასრულებდა. გარდაცვალებამდე ეს ასე გრძელდებოდა. შემდეგ კი ითიყაფს შუამავლის მეუღლეებიც ასრულებდნენ.“[2]
ასევე, ცნობილია ისიც, რომ შუამავალს რაიმე მიზეზის გამო ითიყაფის გაცდენა თუ მოუწევდა, მას ბაირამის შემდეგ აუცილებლად ანაზღაურებდა.
პირველი მიზეზი იმისა თუ რატომაც სრულდება ითიყაფი რამაზნის ბოლო ათ დღეში არის ის, რომ ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიხედვით, ყადირის ღამე რამაზნის ბოლო ათ დღეშია. ყურანში ყადირის ღამის შესახებ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„97/1. უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი (1) (წმინდა ყურანი) ყადირის ღამეს!
2. რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე?
3. ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია!
4. ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული ყოველი ბრძანების შესასრულებლად.
5. ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!“
აქედან გამომდინარე, პირველი მიზეზი ყადირის ღამეს ღვთისმსახურებაში გატარებაა, რადგან ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ღამეს შესრულებული ღვთისმსახურება სხვა დროს შესრულებულ ღვთისმსახურებაზე გაცილებით უკეთესია.
ითიყაფის მნიშვნელობის მეორე მიზეზი: ითიყაფი საკუთარ თავთან განმარტოებას, გარე სამყაროსთან კავშირის შეწყვეტას და მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰთან დაკავშირებას ნიშნავს. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მესჯიდის შიგნით კარავს შლიდა და კარავის შიგნით ითიყაფს ასრულებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მთელ სამყაროს მოწყვეტილი იყო და მხოლოდ ალლაჰის ღვთისმსახურებაში ატარებდა ღამეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შუამავლისგან მაგალითი უნდა ავიღოთ, უნდა გამოვნახოთ დრო და ადგილი, სადაც გარე სამყაროს მოვწყდებით და სახეს მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისკენ მივიქცევთ. ეს პროცესი მთელი წლის შედეგად დაბინძურებული გულის გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელია. მთელი წლის მანძილზე ადამიანის გული დაგროვილი ცოდვებით, ეჭვებითა და ვნებებით დაავადმყოფებულია, დაჭრილია ან დალუქულია. ითიყაფის შესრულება კი ყოველი მუსლიმისთვის შანსია, იმისათვის, რომ გული სიბინძურისა და ცოდვებისგან გაწმინდოს.
აქვე მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ითიყაფის შესრულების დროს უაზრო და უსარგებლო საუბარი არ შეიძლება. შეგახსენებთ, რომ ითიყაფი გარე სამყაროსთან კავშირის შეწყვეტას და ღვთისმსახურებების შეუსრულებას ნიშნავს.
აბუ ჰანიფესა და იმამ მალიქის მიხედვით ითიყაფის მინიმალური დღე ერთია, მაქსიმალური დღე კი განსაზღვრული არ არის.
მესჯიდში ითიყაფის შესრულება კაცებს ევალდებულებათ. ქალებს სახლში მესჯიდად გამოყოფილ ადგილას ითიყაფის შესრულება შეუძლიათ.[3] ქალებს ითიყაფის შესასრულებლად კაცებისგან ნების აღება ესაჭირეობათ.
ითიყაფის პირობები:
1)            განძრახვა: ნიეთის გარეშე ითიყაფი არ შედგება.
2)            მესჯიდის აუცილებლობა: ითიყაფი მესჯიდში სრულდება. ითიყაფისთვის ყველაზე სასარგებლო მესჯიდი-ჰარამია, შემდეგ მესჯიდი ნაბავი, შემდეგ მესჯიდი აყსა და ა.შ.
3)            მარხვა: ვააჯიბი ითიყაფის შესასრულებლად მარხვა აუცილებელი პირობაა.
4)            სისუფთავე: სისუფთავე მუსლიმის სხვა მუსლიმზე უფლებაა ანუ მუსლიმა სისუფთავის დაუცველობის გამო სხვა მუსლიმი არ უნდა შეავიწროვოს და შეაწუხოს.
ითიყაფის შესრულების დროს ცუდი სიტყვების წარმოთქმა და ჭორაობა აკრძალულია. ეს დღეები ყურანისა და ჰადისის კითხვაში, ალლაჰის ხსენებაში უნდა გავიყვანოთ.
ითიყაფის მომშლელი ფაქტორები:
1)            სექსუალური კავშირის დამყარება: „2/187.. და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარი (ითიყაფის დროს) არ ეთანაეცხოვროთ მათ (ცოლებს).“
2)            აუცილებელი შემთხვევის გარდა მესჯიდიდან გარეთ გასვლა: მაგალითად პიროვნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით გარეთ საპირფარეშოში გასვლა, ტანის დასაბანად გარეთ გასვლა და მსგავსი ქმედებები ითიყაფს არ მოშლის.
3) დაბნედა: ჰანეფი მეზჰების მიხედვით, დაბნედა ერთ დღეს თუ გაგრძელდა ითიყაფი მოიშლება. მალიქის მიხედვით, დაბნედა, რომელიც მარხვას მოშლის, ითიყაფსაც მოშლის. გონს როცა მოვა, ითიყაფის გაგრძელება შეუძლია, გაცდენილს კი შემდეგ აანაზღაურებს. ჰანბელის მიხედვით კი დაბნედა ითიყაფს არ მოშლის.



[1] ამ სიტყვაში ითიყაფი იგულისხმება
[2] Ahmed b. Hanbel, Müsned, II, 67, 129; bk. Buhârî, İ'tikâf, 1-18; Ezân, 12, 135; Hayz 10; Müslim, İ'tikâf, 1-6; Ebû Dâvud, Ramazân, 3; Savm, 77
[3] ez-Zebîdî, Tecrîd-i"Sarîh, Terc. Kamil Miras, Ankara 1984, VI, 323-326