23 May 2018

9. სურა თაუბა აიათი 23-24 - ყველაზე და ყველაფერზე მეტად ალლაჰზე უპირატესობის მინიჭება

9/23. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გაიხადოთ თქვენი მამები და არც თქვენი ძმები მეგობრებად, თუ მათ ურწმუნოება ურჩევნიათ რწმენას. და რომელი თქვენგანიც მეგობრად დაიდგენს მათ, სწორედ, რომ ისინი არიან უსამართლონი.
24. უთხარი (ჰეი მუჰამმად): თუ მამები თქვენი, და შვილნი თქვენი, და ძმები თქვენი, და მეუღლენი თქვენი, და წრენი თქვენი, და ქონება, რომელიც მოაგროვეთ, და ვაჭრობა, რომლის შეფერხებაც გაშინებთ, და საცხოვრებელი სახლები, რომელიც კმაყოფილებას გგვრით, უფრო საყვარელია თქვენთვის, უფრო ძვირფასია ალლაჰზე და მის შუამავალზე და მის გზაზე ბრძოლაზე, მაშ, დაელოდეთ, სანამ ალლაჰის ბრძანება მოევლინებოდეს (1) (სანამ გეწეოდეთ ალლაჰის რისხვა). ხოლო ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უკეთურ ხალხს!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს ქააფირებთან ურთიერთობას უკრძალავს და მათგან განშორებას უბრძანებს, თუნდაც ეს მათი მამები და ძმები იყვნენ, ხოლო ემუქრება მას, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება. ამასთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „58/22. ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ ეგენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ჯიში-ჯილაგი. სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებში ჩანერგა რწმენა და განამტკიცა ეგენი მისგან სულით (1) (სინათლით, ყურანით); და შეიყვანს მათ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. სწორედ ეგენი არიან ალლაჰის მიმდევრები. კარგად შეიმეცნეთ, უეჭველად, ნეტარ არინ მიმდევარნი ალლაჰისა!“

ჰაფიზ ბაიჰაქი, აბდულლაჰ ბინ შავზაბ-ისგან გადმოგვცემს: აბუ უბაიდა ბინ ჯარრაჰი-ს მამა ბედირის დღეს მის ღმერთებს (კერპებს) შვილის წინაშე განადიდებდა, შვილი კი (აბუ უბაიდა) მამისგან გარბოდა. მამა მსგავს საქციელს არ იშლიდა და ყოველთვის ერთი და იგივეს აკეთებდა, შვილი კი ისევ და ისევ მისგან გარბოდა, რის გამოც ბოლოს მამამ შვილი მოკლა. ამის შემდეგ კი ალლაჰმა ეს აიათი მოავლინა: „ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ ეგენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ჯიში-ჯილაგი...“

შემდეგ აიათში უზენაესი ალლაჰი ემუქრება მათ, რომელთაც თავიანთი თავი და ოჯახი ალლაჰის გზაზე ბრძოლას ურჩევნიათ: „უთხარი (ჰეი მუჰამმად): თუ მამები თქვენი, და შვილნი თქვენი, და ძმები თქვენი, და მეუღლენი თქვენი, და წრენი თქვენი, და ქონება, რომელიც მოაგროვეთ, და ვაჭრობა, რომლის შეფერხებაც გაშინებთ, და საცხოვრებელი სახლები, რომელიც კმაყოფილებას გგვრით,“, ანუ თუ ეს ყველაფერი „თქვენთვის უფრო საყვარელი და ძვირფასია ალლაჰზე და მის შუამავალზე და მის გზაზე ბრძოლაზე“, ანუ თუ ეს ყველაფერი გიყვართ და უფრო მეტად უპირატესობას ანიჭებთ, მაშინ „დაელოდეთ, სანამ ალლაჰის ბრძანება მოევლინებოდეს“, ანუ დაელოდეთ იმ სასჯელს, რომელსაც ალლაჰი თქვენ მოგიძღვნით. „ხოლო ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უკეთურ ხალხს!“

იმამ აჰმად ბინ ჰანბელ-ი, ზუჰრა ბინ მაბად-ისგან, ეს კი მისი ბაბუისგან გადმოგვცემს: ომარ ბინ ჰატტაბის ერთად ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გვერდით ვიყავით. ომარ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შუამავალს უთხრა: „ჰეი შუამავალო! ვალლაჰი ჩემი სულის გარდა შენ ყველაფერზე ძვირფასი ხარ.“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) პასუხად ბრძანა: „თქვენგან ვერავინ ვერ იქნება მორწმუნე მანამ, სანამ ჩემი თავი საკუთარ სულზე მეტად ძვირფასი არ იქნება.“ ამის შემდეგ ომარმა თქვა: „ვალლაჰი ამიერიდან შენ ჩემს სულზე უფრო ძვირფასი ხარ.“ შემდეგ შუამავალმა პასუხად ბრძანა: „აი ახლა კი ყველაფერი რიგზეა ომარ!““1(Buhari, 6632; Ahmed b. Hanbel, 4/233).

ჩვენთვის ასევე ცნობილია ჰადისი, რომელიც საჰიჰ ჰადისებს შორისაა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ვფიცავ ალლაჰს, რომლის ხელშიც ჩემი სიცოცხლეა! თქვენგან არავინ იქნება მორწმუნე მანამ, სანამ ჩემი თავი საკუთარ თავზე, მამაზე, შვილზე და დანარჩენ ყველა ადამიანებზე ძვირფასი არ იქნება.“2(Buhari, 15; Müslim, 44; Ebu Avane, 1/33; Ahmed b. Hanbel, 3/177; Nesai, 8/114, 115; İbn Mace, 67; Darimi, 2/307; İbn Hibban, 179; ჰადისი ანას ბინ მალიქისგანაა გადმოცემული).