23 May 2018

61. სურა საფ აიათი 14

61/14. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის სარწმუნოების შემწენი, როგორც უთხრა ‘ისამ, მარიამის შვილმა მოწაფეებს (1) (ვინც უპირველესად იწამა შუამავალ ღისას მოწოდება. ესენი იყვნენ 12 მოწაფე მისი, რომელნიც თეთრ სამოსს ატარებდნენ, ამიტომაც მათ შეარქვეს „ჰავარები“ (თეთრსამოსიანები)): „ვინ იქნება ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?“ მიუგეს მოწაფეებმა: „ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა.“ მაშინ ისრაელის შვილთაგან ირწმუნა ერთმა ნაწილმა და უარყო მეორე ნაწილმა. ამრიგად ჩვენ თავიანთი მტრების წინაშე გავაძლიერეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს, (რის შედეგადაც) სძლიეს მათ (მორწმუნეებმა ურწმუნოებს).

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს უბრძანებს და ავალდებულებს, რომ რელიგიას (ისლამს) თავიანთი მდგომარეობით, მოქმედებებით, სულით, ქონებით, სიტყვებით დაეხმარნონ და ისეთივე პასუხი გასცენ შუამავალს, როგორც ერთ დროს ჰავარებმა ‘ისას უპასუხეს და ასევე ბრძანებს, რომ გაჰყვნენ და დაემორჩილნონ შუამავლის ბრძანებებს. ‘ისამ (‘ალეისალამ) უთხრა მოწაფეებს: „ვინ იქნება ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?“ ანუ ვინ დამეხმარება და ვინ დამიდგება გვერდით ძვირფასი რელიგიის გასავრცელებლად? „მიუგეს მოწაფეებმა:“ ‘ისას მიმყოლმა მოწაფეებმა: „ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა.“ ანუ, ამ გზაზე შენს ერთად ვიქნებით და დაგეხმარებით იმის გავრცელებაში, რისი გავრცელების მოვალეობაც შენ დაგეკისრა (ალლაჰის მიერ). რის შემდეგაც, ‘ისა-მ (‘ალეისალამ) მოწააფეები რელიგიის გასავრცელებლად შამ-ში გაგზავნა, სადაც ისრაელის შვილები და ბერძნები ცხოვრობდნენ.

ჰაჯობის დღეებში, ალლაჰის შუამავალმაც (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ანსარებს იგივე სიტყვებით მიმართა (ქალაქ მედინას მკვიდრებს): „არის ვინმე ისეთი, ვინც ალლაჰის რელიგიის გავრცელებაში დამეხმარება? რადგან ყურაიშელები ალლაჰის სიტყვის გავრცელებაში წინააღმდეგობას მიწევენ.“1(Sahih. Ahmed b. Hanbel 3/339, 440; Beyhaki, Delail, 2/442, 443; ჯაბირ-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს). მათ ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვა მისცეს, რომ თუ გააკეთებდნენ ჰიჯრას (გადასახლებას), ისინი მიიღებდნენ და დაიცავდნენ მათ. თავიანთი დადებული სიტყვა შეასრულეს კიდეც. ამის გამო, ალლაჰმა და შუამავალმა მათ „ანსარ“-ი უწოდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი. დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათი.

„მაშინ ისრაელის შვილთაგან ირწმუნა ერთმა ნაწილმა და უარყო მეორე ნაწილმა“ ანუ, ‘ისა-მ (‘ალეისალამ) ხალხს ალლაჰის სიტყვა გადასცა, ჰავარებიც ამოუდგნენ მხარში და ალლაჰის სიტყვის გავრცელებაშიც დაეხმარნენ მას. მიუხედავად ამისა, ისრაელის შვილთაგან ზოგიერთმა ჭეშმარიტება სცნო, ზოგიერთმა ნაწილმა კი ზურგი აქცია მას (ალლაჰის სიტყვას), ‘ისა-ს (‘ალეისალამ) და მის დედას (მარიამს) ცილი დასწამეს. ეს ხალხი (იუდეველები) არიან ისინი, რომლებიც ალლაჰმა დასწყევლა.

შემდგომ ზღვარს გადავიდნენ, გაიყვნენ და დანაწევრდნენ ისინი, რომლებმაც იწამეს ‘ისა-ს და მას ისეთი ადგილი (სტატუსი) მიანიჭეს, რომელიც არ გააჩნდა. ზოგიერთმა ‘ისა-ს ალლაჰი, ზოგიერთმა კი ალლაჰის შვილი უწოდა.

„ამრიგად ჩვენ თავიანთი მტრების წინაშე გავაძლიერეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს, (რის შედეგადაც) სძლიეს მათ (მორწმუნეებმა ურწმუნოებს)” - ანუ, მორწმუნეებს სხვა ქრისტიანული ჯგუფის წინააღმდეგ დავეხმარეთ, რის გამოც მორწმუნეებმა სძლიეს მათ (ურწმუნოებს).

ეს კი ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გამოგზავნით შესრულდა. იმამ აბუ ჯაფარ-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: იბნ აბბას-მა თქვა: მაშინ, როცა უზენაესმა ‘ისა-ს ცაში ამაღლება მოისურვა, წყალი თავის კალაპოტს მოსწყდა და ერთ-ერთ სახლში სახურავიდან წვეთავდა, სადაც ‘ისა და მის გვერდით თორმეტი მოწაფე იყო. ‘ისამ (‘ალეისალამ) თქვა: „უეჭველად, თქვენგან ერთ-ერთი, მორწმუნეობის შემდეგ მე თორმეტჯერ უარმყოფს და ქააფირი გახდება.“

იბნ აბბას-ი გაგრძელებაში ამბობს: ‘ისა-მ (‘ალეისალამ) თქვა: „თქვენგან ვის სურს, რომ გარდაისახოს და მიიღოს ჩემი სახე, შემდეგ კი ეწამოს ჩემს მაგივრად, შემდეგ კი ჩემს ერთად სამოთხეში მოხვდეს?“ იბნ აბბასი ამბობს, რომ ყველაზე პატარა ვინც იყო, წამოდგა და თქვა: „მე“. ‘ისამ უთხრა: „დაჯექი“, რის შემდეგაც იგივე კითხვა გაიმეორა. პასუხი ისევ ყველაზე პატარამ გასცა, ‘ისამ იგივენაირად უპასუხა, შემდეგ კი მესამედ იკითხა. ამჯერადაც პასუხი ყველაზე პატარამ გასცა. ამის შემდეგ კი ‘ისამ უთხრა: „კარგი, ეს შენ იქნები.“ ამის შემდეგ, იბნ აბბასი ამბობს: „ის ადამიანი ‘ისას დაემსგავსა, ‘ისა კი სახლის საკვამურიდან ცად ამაღლდა.“

იუდეველები ‘ისას დასაჭერად როცა მივიდნენ, ‘ისას მაგივრად ის მოწაფე დაიჭირეს, რომელსაც ‘ისას სახე ჰქონდა მიღებული. მათგან ერთ-ერთმა კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მორწმუნე იყო, ‘ისა თორმეტჯერ უარყო და ქააფირი გახდა.

შემდეკ კი სამ ჯგუფად გაიყვნენ: მათგან ერთმა ჯგუფმა თქვა: „ალლაჰი ჩვენთან ერთად იყო, შემდეგ კი მოისურვა და წავიდა.“ ეს ჯგუფი „იაქუბი“-ს ჯგუფს მიეკუთვნება. მეორე ჯგუფმა თქვა: „ალლაჰის შვილი მანამ დარჩა ჩვენთან, სანამ ალლაჰმა ისურვა, შემდეგ კი მასთან წაიყვანა.“ ამ ჯგუფს „ნასთურები“ მიეკუთვნებიან. მესამე ჯგუფმა კი თქვა: „ალლაჰის მსახური და შუამავალი გარკვეული დროით ჩვენთან დარჩა, შემდეგ კი ალლაჰმა იგი მასთან აიყვანა.“ ეს ჯგუფი მუსლიმებს მიეკუთვნება.

ზემოთ მოხსენებულმა ქააფირების ორმა ჯგუფმა, მუსლიმების ერთ ჯგუფს თავს დაესხნენ და მოკლეს, რის გამოც ალლაჰის შუამავლის მუჰამმადის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოსვლამდე ისლამი სუსტი და შეუმჩნეველი იყო.

„მაშინ ისრაელის შვილთაგან ირწმუნა ერთმა ნაწილმა და უარყო მეორე ნაწილმა“ - ანუ, იგულისხმება ორი ჯგუფი: ერთი ჯფუგი ის, რომელმაც ‘ისას დროს ქააფირი გახდა და მეორე ჯგუფი, რომელიც მორწმუნე იყო.

„ამრიგად ჩვენ თავიანთი მტრების წინაშე გავაძლიერეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს, (რის შედეგადაც) სძლიეს მათ (მორწმუნეებმა ურწმუნოებს)” - ამრიგად გავაძლიერეთ ისინი, ანუ მუჰამმადის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოსვლით გავაძლიერეთ მორწმუნენი, რის შემდეგაც მორწმუნეებმა ურწმუნოებს სძლიეს.

მუჰამმადის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უმმეთის, მუსლიმების გამარჯვება წარღვნამდე გაგრძელდება, მანამდე სანამ (საჰიჰი ჰადისების მიხედვით) მოევლინება ‘ისა (‘ალეისალამ), რომელიც მორწმუნეების ერთად „დაჯჯალ“-ის წინააღმდეგ გაილაშქრებს.