23 May 2018

5. სურა მაიდა აიათი 51-53 - ქააფირების მეგობრად აყვანის საკითხი

5/51. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!
52. მაშ, დაინახავ შენ, რომელთაც სენი უზით გულებში, მათკენ მიისწრაფვიან თავის მართლებით: „გვეშინია, ბედუკუღმართობა არ გვეწვიოს“. ეგებ გამარჯვება მოავლინოს ალლაჰმა ან რაიმე გადაწყვეტილება თავისი, და მაშინ სინანულს მიეცემიან იმის გამო, რაც გულში ჰქონდათ დაფარული!
53. და რომელთაც ირწმუნეს, ამბობენ: „განა ეგენი არ არიან, რომელნიც ალლაჰზე იფიცებდნენ მოწიწებით, რომ ისინი, უეჭველად, თქვენთან იქნებოდნენ?“ ფუჭი იქმნა საქმენი მათნი და წაგებულ იქმნენ ისინი.

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს ისლამის მტრის, იუდეველებისა და ქრისტიანების მეგობრად აყვანას უკრძალავს, რის შემდეგაც აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. აქვე, ემუქრება და აშინებს მას, ვინც მათ მეგობრად აიყვანს: „და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!“.

დაინახავ მათ „რომელთაც სენი უზით გულებში“, რომლებსაც გულში ეჭვი და ნიფაყი გააჩნია: „მათკენ მიისწრაფვიან„ და ამბობენ, რომ „გვეშინია, ბედუკუღმართობა არ გვეწვიოს“, ანუ დაინახავ, რომ ისინი მათკენ სიყვარულითა და მეგობრობით მიისწრაფვიან. ისინი (მუნააფიყები) თავიანთ საქციელს ასეთ განმარტებას აძლევენ: „თუ მოხდა ისე, რომ ქააფირებმა მუსლიმებს სძლიეს, მაშინ ჩვენი (ახლანდელი) მათთან სიახლოვით, სამომავლოდ მათგან სარგებელს მოველით.“

„ეგებ გამარჯვება მოავლინოს ალლაჰმა“, (სუდდი ამბობს, რომ სიტყვა „გამარვება“-ში მექქას დაპყრობა იგულისხმება, სხვები კი ამბობენ, რომ ამ სიტყვაში ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმი და გადაწყვეტილება იგულისხმება), „ან რაიმე გადაწყვეტილება“, (სუდდი ამბობს, რომ ამ სიტყვებში იუდეველებზე და ქრისტიანებზე დაკისრებული გადასახი იგულისხმება), „და მაშინ სინანულს მიეცემიან იმის გამო, რაც გულში ჰქონდათ დაფარული!“, იუდეველებისა და ქრისტიანების მეგობრად ამყვანი მუნააფიყები, „სინანულს მიეცემიან იმის გამო, რაც გულში ჰქონდათ დაფარული!“, მათი ქმედების გამო სინანულში ჩავარდებიან, რადგან მათი ეს საქციელი (მათთან მეგობრობა) არავითარ სარგებელს არ მოუტანს. ისინი დამცირებულები არიან, უზენაესმა ალლაჰმა მათი საიდუმლოებები მუსლიმებს აცნობა და ამით უფრო დაამცირა ისინი. მათი გამოააშკარავების შემდეგ, მორწმუნეები მიხვდნენ თუ რაშიც იყო საქმე, ანუ მიხვდნენ, რომ ისინი ემსგავსებოდნენ მუსლიმებს, თუმცა გულით ურწმუნოები და ქააფირების მეგობრები იყვნენ, საბოლოოდ კი (მუნააფიყების) მიერ წარმოთქმული სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა, რის გამოც ალლაჰი ბრძანებს: „და რომელთაც ირწმუნეს, ამბობენ: „განა ეგენი არ არიან, რომელნიც ალლაჰზე იფიცებოდნენ მოწიწებით, რომ ისინი, უეჭველად, თქვენთან იქნებოდნენ?“ ფუჭი იქმნა საქმენი მათნი და წაგებულ იქმნენ ისინი.“

ალიმებს შორის სხვადასხვა აზრია იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზეზით მოევლინა ეს აიათი: სუდდი ამბობს: ამ ორი ადამიანის შესახებ მოევლინა. უჰუდის ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა უთხრა მეორეს: „მე იუდეველებთან წავალ და მათთან დავიმალები, თუ რაიმე შეიცვლება (თუ ბრძოლას წავაგებთ), ამით სარგებელს ვნახავ.“ მეორემ თქვა: „მეც შამში წავალ და ქრისტიანების ერთად ვიქნები, მათნაირად მოვიქცევი.“ რის გამოც უზენაესმა ეს აიათი მოავლინა: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად....“

იქრიმა ამბობს: აიათი აბუ ლუბაბა ბინ აბდულმუნზირ-ის შესახებ მოევლინა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აბუ ლუბაბა იუდეველებთან გაგზავნა და თან ჰკითხა: „ისინი ჩვენ რას გვიზამენ?“, აბუ ლუბაბ-მა ხელით ყელზე მიანიშნა და უთხრა, რომ ისინი ჩვენ თავს მოგვჭრიანო. ამას თაბარი გადმოგვცემს და ამბობს, რომ ეს აიათი აბდულლაჰ ბინ უბაიი ბინ სალულ-ის შესახებაც მოევლინა.

იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, უსამა ბინ ზეიდ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ავადმყოფობის დროს შუამავლის ერთად აბდულლაჰ ბინ უბაიი-ს სანახავად წავედით. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მას უთხრა: „მე შენ იუდეველებთან მეგობრობა ხომ აგიკრძალე.“ აბდულლაჰმა თქვა: ას’ად ბინ ზურარა მათ მიმართ სიძულვილს ამჟღავნებდა, რის გამოც მოკვდა.“1(Ebu Davud, 3094; Ahmed b. Hanbel, 5/201; გადმომცემებში მუჰამმად ბინ ისჰაქია, რის გამოც ჰადისი სუსტია).