23 May 2018

4. სურა ნისა აიათი 64-65 - შუამავალზე მორჩილება რწმენის პირობაა

4/64. ჩვენ არც ერთი შუამავალი არ წარმოგვიგზავნია, თუ არა იმისთვის, რომ (სხვები) დამორჩილებოდნენ ალლაჰის ნებით. და ეგენი როცა თავიანთ თავს ავნებდნენ, შენთან რომ მოსულიყვნენ და მიტევება ეთხოვათ ალლაჰისთვის და მიტევება შეეთხოვა (ალლაჰზე) მათთვის შუამავალს, უეჭველად, დაინახავდნენ ისინი, რომ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!
65. მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ნამდვილი მორწმუნენი ვერ იქნებიან ეგენი, სანამ მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ჩვენ არც ერთი შუამავალი არ წარმოგვიგზავნია, თუ არა იმისთვის, რომ (სხვები) დამორჩილებოდნენ (შუამავალს) ალლაჰის ნებით“, ანუ ხალხს ჩემს მიერ გამოგზავნილ შუამავლებზე მორჩილება ფარძად დავუწესე. ამ სიტყვის „ალლაჰის ნებით“ შესახებ მუჯაჰიდი ამბობს: ალლაჰი ამ სიტყვებში შემდეგს გულისხმობს: „ჩემი ნების გარეშე ვერავინ დაგემორჩილება.“ ამის მნიშვნელობა კი შემდეგია: „შუამავლებს დაემორჩილებიან ისინი, რომლებიც წარმატებულნი არიან (ანუ ვინც დაიმსახურა).“ ამის მაგალითი შემდეგი აიათია: „3/152. და ალლაჰმა აღგისრულათ თავისი (შეწევნა) აღთქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ...“, ანუ ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ნებისა და სურვილის შესაბამისად.

„და ეგენი როცა თავიანთ თავს ავნებდნენ, შენთან რომ მოსულიყვნენ და მიტევება ეთხოვათ ალლაჰისთვის და მიტევება შეეთხოვა (ალლაჰზე) მათთვის შუამავალს“, ამ აიათში ალლაჰი ცოდვილებსა და მეამბოხეებს უჩვენებს გზას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ცოდვისა და შეცდომის დაშვების შემდეგ. ალლაჰი ასწავლის მათ, რომ ცოდვისა და შეცდომის ჩადენის შემდეგ, ალლაჰს პატიება სთხოვონ და ამასთანავე მივიდნენ შუამავალთან და მასაც სთხოვონ, რომ შუამავალმა მათთვის ალლაჰს პატიება სთხოვოს. ყოველივე ამის შედეგ, ალლაჰი მათ ცოდვებს აპატიებს და მათი ნამოქმედარის გამო აღარ დასჯის. „ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!“.

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ნამდვილი მორწმუნენი ვერ იქნებიან ეგენი, სანამ მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში.“ ალლაჰი საკუთარ თავზე იფიცება და აცნობებს სხვას, რომ ისინი მანამ არ იქნებიან მორწმუნენი, სანამ შუამავალს მსაჯულად არ დაიყენებენ, იმის გამო რაზეც დაობდნენ.

„შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.“ ანუ სანამ არ დაგემორჩილებიან სხეულით და გულით, მანამ მორწმუნეებად არ ითვლებიან. შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისინი (მორწმუნეები) არ შეგეკამათებიან და უკან არ დაიხევენ, სრული მორჩილებითა და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაგემორჩილებიან.

ერთ-ერთ ჰადისში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ვფიცავ ალლაჰს, რომლის ხელშიც ჩემი სულია! მანამ ვერ იქნებიან მორწმუნენი, სანამ მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს არ დაუკავშირებენ იმას, რითიც მოვედი.“1(Hatib-i Bağdadi (4/369), გადმოგვცემს Abdullah b. Amr-ისგან. Sahih).

იმამ ბუჰარი ურვა-სგან გადმოგვცემს: ზუბაირ-მა და ანსარმა წყლის არხის გამო იკამათეს. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰუქმის გასაცემად ბრძანა: „ჰეი ზუბაირ! ბაღი მორწყე, შემდეგ კი წყალი მეზობელთან გაუშვი.“ ანსარ-მა შუამავალს უთხრა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! შენ ასე იმიტომ მოიქეცი, რომ ის შენი მამიდაშვილია!“. ამის გაგონებაზე ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანა: „ჰეი ზუბაირ! ბაღი მორწყე და მანამ, არ გაუშვა წყალი სანამ ხეების ძირი არ დაიტბორება!.“ შუამავალს მათ შორის ურთიერთობის მოგვარება სურდა, თუმცა ანსარმა შუამავლის სიტყვას არ დაემორჩილა და იგი გააბრაზა, რის გამოც შუამავალმა მთელი უფლება ზუბაირს გადასცა. ზუბაირმა თქვა: ძალიან კარგად ვიცი ის, რომ ეს აიათი „მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ნამდვილი მორწმუნენი ვერ იქნებიან ეგენი, სანამ მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.“ ამ ამბის გამო მოევლინა.““2(Buhari, 4585, 3361).