23 May 2018

32. სურა საჯდა აიათი 18-22 - განა მორწმუნე მსგავსია ფასიყისააა

32/18. განა მორწმუნე მსგავსია უკეთურისა (ფასიყი)? ისინი არ არიან თანაბარნი!
19. მაგრამ რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხის სავანე და სარჩო ჯილდოდ თვისი საქმეებისთვის!
20. ხოლო რომელთაც უკეთურობა ჰქმნეს, მათი თავშესაფარი ცეცხლია! ყოველთვის, როცა ისინი იქიდან გამოსვლას შეეცდებიან, უკან დააბრუნებენ და ებრძანებათ: „იგემეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც ცრუდ რაცხავდით!“
21. და უთუოდ, რათა ვაწიოთ სასჯელი მცირე (1) (ამქვეყნად), გარეშე დიდი სასჯელისა (2) (იმქვეყნის), ეგების უკუმოიქცნენ!
22. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის აიათები, მან კი ზურგი აქცია მას? უეჭველად, მივუზღავთ ცოდვილთ!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი თავისი სამართლიანობის შესახებ გვაცნობებს და გვეუბნება, რომ აღსდგომის დღეს ალლაჰის მორწმუნე, შუამავალზე გამყოლი და ფასიყი, რომელიც არ ემორჩილება ალლაჰს და მის შუამავალს, ერთნი/თანაბარნი არ იქნებიან. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სხვა აიათში ბრძანებს:

„45/21. ნუთუ ჰგონიათ, რომელთაც ჩაიდინეს სიავენი, რომ დავადგენთ მათ იმათ მსგავსად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და მათი სიცოცხლე და სიკვდილი თანასწორი იქნება? და რა საზიზღარია მათი განაჩენი!“

„38/28. ნუთუ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ჩვენ დავადგენთ დედამიწაზე არეულობის მთესავთა დარად (მსგავსად)?! ნუთუ დავადგენთ ღვთისმოშიშთ ურწმუნოების დარად?“

„59/20. ერთმანეთის თანასწორნი არ არიან ცეცხლის ბინადარნი და სამოთხის მკვიდრნი. სწორედ, რომ სამოთხის ბინადარნი არიან ნეტარნი!“

ათა ბინ იასარ-მა, სუდდი-მ და სხვებმა თქვეს, რომ ეს აიათი (32/18) ალი ბინ აბუ ტალიბ-ისა და უქბა ბინ აბუ მუაით-ის შესახებ მოევლინა. აქედან გამომდინარე, უზენაესი ალლაჰი მათი ჰუქმის შესახებ ფართო განმარტებას იძლევა და ბრძანებს: „მაგრამ რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხის სავანე და სარჩო ჯილდოდ თვისი საქმეებისთვის!“

„ხოლო რომელთაც უკეთურობა ჰქმნეს, მათი თავშესაფარი ცეცხლია! ყოველთვის, როცა ისინი იქიდან გამოსვლას შეეცდებიან, უკან დააბრუნებენ“ - ფუდაილ ბინ იიად-მა თქვა: „ვფიცავ ალლაჰს! მათ ცეცხლის ალი ხელშეკრულ მდგომარეობაში მაღლა აიტაცებს, შემდეგ კი მცველები მას უზარმაზარი უროს დარტყმით უკან დააბრუნებენ და დაცინვის, მასხრად აგდების მიზნით ეტყვიან: „იგემეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც ცრუდ რაცხავდით!““

„და უთუოდ, რათა ვაწიოთ სასჯელი მცირე (1) (ამქვეყნად), გარეშე დიდი სასჯელისა (2) (იმქვეყნის), ეგების უკუმოიქცნენ!“ - იბნ აბბასი აიათის შესახებ ამბობს: „მცირე სასჯელში ამქვეყნიური უბედურებები, ავადმყოფობა და პრობლემები იგულისხმება, რომლებიც ალლაჰის მიერ ადამიანის გამოსაცდელად და მონანიებისკენ მოპატიჟებისთვის არის მოვლენილი.“

„და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის აიათები, მან კი ზურგი აქცია მას?“ - ვინ არის იმაზე უფრო უსამართლო, რომელმაც ალლაჰის მიერ მოვლენილი აიათები ცრუდ შერაცხა და ზურგი აქცია მათ (აიათებს), მაშინ როცა თვითონ ალლაჰმა ფართოდ და გასაგებად განმარტა თითოეული მათგანი?!

ქათადამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ფრთხილად! ალლაჰის ხსენებას (ალლაჰის რჩევებს, ალლაჰის ხსენებას (ზიქრს)) თავი არ ანებოთ, ზურგი არ აქციოთ. ის, ვინც ალლაჰის რჩევა-დარიგებებს ზურგს აქცევს ყველაზე დიდ უბედურებაში და ცოდვაში ჩავარდება, რის გამოც უზენაესი ალლაჰი მუქარით ბრძანებს: „უეჭველად, მივუზღავთ ცოდვილთ!“ - ანუ, მე სასტიკად დავსჯი და შურს ვიძიებ მასზე, ვინც მსგავსად მოიქცევა.