23 May 2018

25. სურა ფურყან აიათი 63-67 - მოწყალის მსახურნის თვისებები

25/63. ხოლო მოწყალის მსახურნი არიან ისინი, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი (1) (თქვენზე)!“
64. რომელნიც ღამეს ატარებენ სეჯდეს შემსრულებელნი და ფეხზე მდგარნი თავისი ღმერთის წინაშე,
65. ისინი ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! აგვარიდე ტანჯვა ჯოჯოხეთისა! უეჭველად, იქ ტანჯვა სამუდამოა.
66. რა საზიზღარია ეს ადგილი და სამყოფელი!“
67. ხოლო რომელნიც, როცა შემოწირულობას გასცემენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ, საშუალოს ირჩევენ მათ შორის.

განმარტება:
მოკრძალებული, კეთილშობილური და სიამაყის გარეშე სიარული, მორწმუნეების თვისებებიდანაა: „17/37. და არ იარო ქვეყანაზე ამაყად, უეჭველად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით!“ ისინი ამპარტავნობის, ტრაბახისა და უხეშობის გარეშე დადიან. მოკრძალებულ სიარულში ნელა და უძალოდ სიარული არ იგულისხმება. ვინაიდან, სალაფების ნაწილს არ მოსწონდათ ისეთი ფორმის სიარული, რომელიც სხვას ამ ადამიანის ავადმყოფობას და სისუსტეს აფიქრებინებდა. ომარისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ომარმა ნელა მოსიარულე ახალგაზრდას ჰკითხა: „რა გჭირს? ავად ხარ?“ ახალგაზრდამ უპასუხა: „არა, მორწმუნეების ამირო.“ ომარმა კი ხელით მიანიშნა, რომ სწრაფად და მოქნილად გაევლო.
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ნამაზის შესასრულებლად სირბილით არ მიხვიდეთ. მოკრძალებულად მიდით. რასაც მიუსწრებთ შეასრულეთ, რასაც ვერ მიუსწრებთ შემდეგ აღადგინეთ.“

„როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი (1) (თქვენზე)!“ - ანუ, ჯაჰილები მორწმუნეებს თუ ცუდად მოექცევიან და შეურაწყოფას მიაყენებენ, ისინი (მორწმუნეები) იგივეთი არ პასუხობენ. პირიქით, პატიობენ და კარგი სიტყვის მეტს არაფერს ეუბნებიან. ეს აიათი მსგავსია სხვა აიათისა, სადაც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „28/55. და როს გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს აქცევენ და ამბობენ: „ჩვენ - ჩვენი საქმეებით, თქვენ - თქვენით. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან!““

იმამ აჰმადმა თქვა: ნუმან ბინ მუქარრინ ალ მუზანიმ თქვა: ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) წინაშე ერთმა პიროვნებამ სხვა მეორე პიროვნებას ლანძღვა დაუწყო.

ლანძღვის ობიექტი კი შემდეგნაირად პასუხობდა: „სალამი შენ.“ ამის თაობაზე ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად მანამ, სანამ შენ ის გლანძღავდა, ანგელოზი თქვენს შორის იდგა და ამბობდა: „მშვიდობა შენ, მშვიდობა შენ. იმაზე მეტს იმსახურებ, რასაც ის გეუბნება.“ როდესაც შენ მას სალამი უთხარი, ანგელოზმა თქვა: „არა! ნამდვილი სალამი შენ! შენ უფრო ღირსეული ხარ ამისთვის.“2(Ahmed, V, 445; Heysemi, Mecma, VIII, 70).

მუჯაჰიდი ამბობს: „ეუბნებიან: „სალამი““ - ანუ სწორ და სამართლიან სიტყვას ეუბნებიან. საიდ ბინ ჯუბაირი ამბობს: „ისინი ჩინებული სიტყვებით პასუხს სცემენ.“ ჰასან-ი ბასრი ამბობ: „ისინი (მუსლიმების) წინააღმდეგ ჯაჰილურად მომქცევს შემწყნარებლურად ექცევიან.“

ისინი (მორწმუნეები) დღისით შესაბამისად იქცევიან (როგორც ზემოთ ვთქვით), ღამით კი ნამაზს ასრულებენ: „ღამეს ატარებენ სეჯდეს შემსრულებელნი და ფეხზე მდგარნი თავისი ღმერთის წინაშე“ - ანუ ალლაჰს თაყვანს სცემენენ და დროს ღვთისმსახურებაში ატარებენ. სხვა აიათში ნაბრძანებია: „51/17. ცოტას თუ წაიძინებდნენ ღამით.
18. და ალიონზე მიტევებას შესთხოვდნენ ისინი.“

„32/16. ისინი საწოლებს განშორდებიან თავიანთ ღმერთზე შესავედრებლად ძრწოლვით და სასოებით, და რა სარჩოც ვუბოძეთ, გაიღებენ იქიდან!“

„39/9. განა ის, ვინც მორჩილად ატარებს ღამის საათებს, სეჯდეზე გართხმული ან მდგომი, უფრთხილდება საიქიოს და სასოებს წყალობას თავისი ღმერთისგან, უთხარი: „განა თანასწორნი არიან განსწავლულნი და უვიცნი?!“ უეჭველად, შეიგონებენ მხოლოდ ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი!“

სწორედ ამის გამო უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „65. ისინი ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! აგვარიდე ტანჯვა ჯოჯოხეთისა! უეჭველად, იქ ტანჯვა სამუდამოა.“ მუჰამმად ბინ ქა’ბ ალ ქურაზი ამბობს: ამის მნიშვნელობა შემდეგია: „მათ დედამიწაზე წყალობა ვერ იხილეს. უზენაესმა ალლაჰმა ქააფირებისთვის წყალობა მოავლინა. მათ კი წყალობის საფასური ალლაჰს ვერ დაუბრუნეს, რის გამოც უზენაესმა მათი ვალის გამო ისინი ჯოჯოხეთში განათავსა.“

„რა საზიზღარია ეს ადგილი და სამყოფელი!“ - მართლაც და რა საზიზღარი ადგილსამყოფელია ჯოჯოხეთი.

„ხოლო რომელნიც, როცა შემოწირულობას გასცემენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ, საშუალოს ირჩევენ მათ შორის.“ - ისინი (მორწმუნეები) თავმომწონების მიზნით საჭიროებაზე მეტს არ ხარჯავენ. ოჯახის წევრების მიმართ ძუნწები არ არიან.

„არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ, საშუალოს ირჩევენ მათ შორის.“ - ეს აიათი ალლაჰის სხვა ბრძანების მსგავსია, რომლის მიხედვითაც უზენაესი ბრძანებს: „17/29. და ნუ იქნები ხელმომჭირნე (1) (სიძუნწე არ გამოიჩინო) და ნურც გაშლი მას ბოლომდე (2) (არ გადახვიდე ზღვარს და არ გაანიავო ქონება), თორემ იმედგაცრუებული, გაღატაკებული დარჩები!“

იიას ბინ მუავიია-მ თქვა: „ყველაფერი ის, რაც ალლაჰის ბრძანებას სცდება, ისრაფია (მფლანგველობაა).“ სხვებმა თქვეს: „ისრაფი არის ის დანახარჯი, რომელიც ალლაჰის წინააღმდეგ სრულდება.“ ჰასან-ი ბასრიმ თქვა: „ალლაჰის გზაზე დახარჯვა ისრაფი არ არის.“ ყველაზე სწორი მხოლოდ და მხოლოდ უზენაესმა ალლაჰმა უწყის.