30 May 2018

21. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მეექვსე პირობა: "სიყვარული"

 მეექვსე პირობა

"სიყვარული"

ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის მეექვსე პირობა ამ სიტყვის, მისი მოთხოვნილებების და მისი მოთხოვნილებების შემსრულებლების სიყვარულია. ამავე დროს, ამ სიტყვის წინააღმდეგ წამსვლელების მტრობა და სიძულვილია.

თუ პიროვნება ამბობს „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს და ამავდროულად არ მოსწონს, ან არ უყვარს იმ ჭეშმარიტი მტკიცებულებებიდან ერთ-ერთი, რომლითაც მოვიდა ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), ასეთ შემთხვევაში მის მიერ წარმოთქმული შაჰადა სარგებელს ვერ მოუტანს.

მუსლიმი ვალდებულია ყველა და ყველაფერზე მეტად უყვარდეს ალლაჰის და მისი შუამავალი, ამის შემდეგ კი შეიყვაროს ან მტროს სხვას მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებისთვის.

მუსლიმს უნდა უყვარდეს ის, რაც უყვარს ალლაჰს და მუსლიმს უნდა სძულდეს ის, რაც სძულს ალლაჰს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიყვარულში ალლაჰს თანამოზიარეს დაუდგენს. 

მუსლიმის მიერ ალლაჰის კმაყოფილებისთვის სიყვარული თუ მტრობა, რწმენის მწვერვალზე ყოფნის მანიშნებელია. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ის, ვინც ალლაჰის კმაყოფილებისთვის შეიყვარებს, ალლაჰის კმაყოფილებისთვის შეიძულებს, ალლაჰის კმაყოფილებისთვის გასცემს, მისმა რწმენამ მწვერვალს მიაღწია.“ (Ebu Dâvut, 4681. საჰიჰია).

„რწმენის მყარი ჩასაჭიდი ალლაჰის კმაყოფილებისთვის მეგობრობა, ალლაჰის კმაყოფილებისთვის მტრობა, ალლაჰის კმაყოფილებისთვის სიყვარული და სიძულვილია.“ (el-Camiu’s-Sağir, 2778. საჰიჰია).

სხვა ჰადისში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ვერ იქნება მორწმუნე ის, ვისაც ჩემი თავი მის შვილზე, მამაზე და სხვა ადამიანებზე მეტად არ უყვარს.“ (Buhari, İman 9; Müslin, İman 70).

„2/165. ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ალლაჰის გარდა მის თანაზიარსა და თანასწორს აღიარებენ. მათ უყვართ ისინი, როგორც უნდა უყვარდეთ ალლაჰი. ხოლო რომელთაც იწამეს, უფრო ძლიერ შეყვარებულნი არიან ალლაჰისადმი. ნეტავ შეეძლოთ იმათ, ვინც ცოდვილია, დაინახონ სასჯელი და დარწმუნდნენ, რომ ალლაჰისაა ძალა ყოველი, და რომ ალლაჰი მკაცრი სასჯელის მომვლენია!“

ისლამის სწავლულებმა სიყვარული ორ ნაწილად ჩამოაყალიბა: 1) ნებაყოფლობითი სიყვარული, რომელიც პიროვნების არჩევანზეა დამოკიდებული და 2) უნებლიე სიყვარული, რომელიც პიროვნების არჩევანზე არ არის დამოკიდებული. (მაგალითად ურწმუნო დედ-მამის სიყვარული, ნათესავების სიყვარული, ახლო მეგობრების სიყვარული, ლამაზი ქალის სიყვარული და ა.შ).

სიყვარულის მეორე ფორმა ჩვენს საკითხს არ ეხება, რადგან ალლაჰი პასუხისმგებლობას არ ანიჭებს ადამიანს იმაზე, რაც მის ძალებს აღემატება. 

ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარული

„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მთქმელი იძულებულია უყვარდეს ალლაჰი და მისი შუამავალი. წინააღმდეგ შემთვევაში მის მიერ წარმოთქმული შაჰადა სარგებელს არ მოუტანს. პიროვნებას, რომელსაც უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი, რწმენის გემოს გაიღებს. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „სამი რაღაც არის, ეს სამი რაღაც ვისშიც მოიძებნება, ნიშნავს იმას, რომ მან რწმენის გემო გაიღო. 1) ყველაზე და ყველაფერზე მეტად ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარული, 2) ვიღაცის შეყვარება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებისთვის, 3) ალლაჰის მიერ გადარჩენილი (ქუფრიდან) მორწმუნის სიფრთხილე და შიში იმის შესახებ, რომ ისევ ქუფრს არ დაუბრუნდება.“ (Buhari, İman 9; Müslim, İman 67).

ალლაჰის სიყვარული, ალლაჰის შუამავალზე მორჩილებაში გამოიხატება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „3/31. უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე,რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!“

მატყუარა და ორპირია ის, ვინც აცხადებს, რომ უყვარს ალლაჰი, თუმცა არ მიჰყვება და არ ემორჩილება მის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ). მორჩილების გარეშე სიყვარული, გულწრფელი სიყვარული არ არის.!

თავჰიდის თემის შეყვარება

ქელიმეი თავჰიდი აუცილებელს ხდის, რომ გვიყვარდეს თავჰიდის თემი (ერთღმერთიანი მუსლიმები). მათ, რომელთაც წარმოთქვეს შაჰადა, თუმცა მტრობენ და სძულთ ერთღმერთიანი მუსლიმები, ვერ გაუგიათ შაჰადას მნიშვნელობა. ასე, რომ ყოფილიყო ისინი შეიყვარებდნენ მართლმორწმუნეებს.
ალლაჰის შუამავალი, (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უზენაესი ალლაჰის სიტყვებს გადმოგვცემს: „ჩემი სიყვარული დაიმსახურეს მათ, რომელთაც ერთმანეთი ჩემს გამო უყვართ. ჩემი სიყვარული დაიმსახურეს მათ, რომელნიც ერთმანეთს ჩემი კმაყოფილების მოსაპოვებლად სტუმრობენ. ჩემი სიყვარული დაიმსახურეს მათ, რომელნიც ერთმანეთს ჩემი კმაყოფილების მოსაპოვებლად ეხმარებიან. ჩემი სიყვარული დაიმსახურეს მათ, რომელნიც ერთმანეთით ალლაჰის კმაყოფილებისთვის ინტერესდებიან...“ ( Kitabu’z-Zühd ve’r-Rekâik, Abdullah İbn-i Mübarek, 716).

ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად, აღსდგომის დღეს ალლაჰის ბრძანებს: ‘სად არიან ისინი, რომლებმაც ერთმანეთი ჩემი დიადობის (უძლეველობის) გამო შეიყვარეს? დღეს მათ ჩემი დახმარების ხელი ეწევათ.“ ( Darimi, 2760).

თავჰიდის სიძულვილი რწმენას ეწინააღმდეგება

მუვაჰიდი (ერთღმერთიანი) იძულებულია სძულდეს და ეზიზღებოდეს ის, რაც თავჰიდის (ერთღმერთიანობის) საწინააღმდეგოა. ეს ის საჭიროებაა, რომელსაც რწმენა და აყიდა მოითხოვს. მას, ვისაც სძულს თავჰიდი (ერთღმერთიანობა), მუსლიმი არ არის. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „47/8. ხოლო რომელთაც უარყვეს, დაე, განადგურება მათ! და ფუჭი ჰქმნა საქმენი მათი. 47/9. ეს იმიტომ, რომ შეიძულეს,რაც ზემოავლინა ალლაჰმა. ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი.“
აიათიდან გამომდინარე, ალლაჰმა მათი საქმენი ფუჭი ჰქმნა, რადგან მათ უარყვეს და შეიძულეს ის რითიც, მოვიდა ალლაჰის შუამავალი. საქმის ფუჭად ჰქმნა კი  მხოლოდ და მხოლოდ ქუფრისა და შირქის ჩადენის შემთხვევაში ხდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ალლაჰის რელიგიისადმი სიძულვილი ქუფრია. თავჰიდი, ყოველი შუამავლის საერთო მოპატიჟება იყო. მის მიმართ გულგრილად განწყობილი ისლამის მიღმა აღმოჩნდება და ქააფირი (ურწმუნო) გახდება. აქედან გამომდინარე, ქააფირი თავჰიდს როგორც უარყოფს და როგორც სძულს, მუსლიმმა ასევე უნდა შეიძულოს და უარყოს ქუფრი და შირქი. 

უზენაესი ალლაჰი ყურანში ქააფირების შესახებ გვაცნობებს: „43/77. და გასძახებენ: „ჰეი, მალიქ (ჯოჯოხეთის მცველო)! დაე, შენმა ღმერთმა აღგვასრულოს!“ უპასუხებს: „უეჭველად, თქვენ მარად დარჩებით (1) (ამ ტანჯვაში)! 
43/78. ვფიცავ, მოვედით ჭეშმარიტებით (1) (ბრძანა უზენაესმა ალლაჰმა: შუამავალთა მეშვეობით მოვუვლინეთ კაცობრიობას ჭეშმარიტება), მაგრამ გძაგთ ჭეშმარიტება უმრავლესობას!“

ალლაჰმა ურწმუნოებს სამუდამო ჯოჯოხეთი მიუსაჯა, იმის გამო, რომ მათ არაფრად ჩააგდეს და უარი თქვეს ჭეშმარიტებაზე. (Şurutu La İlahe İllallah, გვ. 72).

სიყვარულის ნიშნები

სიყვარული ცარიელი გამოცხადებიდან არ შესდგება. სიყვარულის დასამტკიცებლად სხვადასხვა გზა არსებობს. ამ გზების საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ პიროვნების სიყვარული ნამდვილია თუ არა. დალილებისა და დამამტკიცებელი საბუთების გარეშე, პიროვნების ალლაჰისა და მისი შუამავლისადმი სიყვარულის გამოცხადება შეუძლებელია. ისლამის სწავლულების მიერ გადმოცემული, ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარულის ნიშნები შემდეგია:

1)  შუამავალზე მორჩილება

წინა თემებში შუამავალზე მორჩილების საჭიროებაზე ვისაუბრეთ. ახლა კი გადმოგცემთ სწავლულების კომენტარებს ალ-ი იმრან სურას 31-ე აიათის შესახებ. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „3/31. უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე,რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!“

იბნ-ი ქასირ-ი ამბობს: „აიათის მიხედვით მატყუარაა ის, ვინც აცხადებს, რომ უყვარს ალლაჰი, თუმცა არ მიჰყვება მის შუამავალს, მის სიტყვებს და მის სუნნეთებს.“ (İbn-i Kesir, 1/477).

იბნ-ი თაიმიია ამბობს: „უეჭველად, მატყუარაა ის, ვინც აცხადებს, რომ უყვარს ალლაჰი, თუმცა არ მიჰყვება მის შუამავალს და იმას რითიც მოვიდა ის.“ (Mecmuu’l-Fetâva, 8/360).

აზჰარი ამბობს: „ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარული, ალლაჰისა და მისი შუამავლის მორჩილებაში გამოიხატება.“ (el-Camiu li Ahkâmi’l-Kur’an, İmam Kurtubi, 2/380).

საიიდ ქუთბ-ი ამბობს: „უეჭველად, ალლაჰის სიყვარული ცარიელი სიტყვებით არ გამოიხატება. ალლაჰისადმი სიყვარულის გამოხატვა, ალლაჰის შუამავალზე მორჩილებით, მის მიერ მოტანილი დავას გზაზე ყოფნითა და ცხოვრებითაა შესაძლებელი.“ (Fi Zilali’l-Kur’an, 2/258).

აბდურრაჰმან ას-სა’დი ამბობს: „ალლაჰისადმი სიყვარულის ჭეშმარიტება, ალლაჰის შუამავალზე მორჩლებაში გამოიხატება. ის, ვინც არ ემორჩილება ალლაჰის შუამავალს, მას არ უყვარს ალლაჰი. ალლაჰის სიყვარული შუამავალზე მორჩილებას მოითხოვს. გამომდინარე აქედან, ვინც არ ემორჩილება ალლაჰის შუამავალს, მას არ უყვარს ალლაჰი.“ (Teysiru’l-Kerimi’r-Rahman, გვ. 111. Daru İbn-i Hazm).

როგორც ხედავთ ალლაჰის სიყვარული შუამავალზე მორჩილებაში გამოიხატება. მას, ვისაც უყვარს ალლაჰი უნდა გაჰყვეს შუამავლის გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნების მიერ გამოცხადებული ალლაჰისადმი სიყვარული, სიცრუე აღმოჩნდება.

2)  გაუგებრობის დროს ალლაჰსა და მის შუამავალზე უპირატესობის მინიჭება

მატყუარაა ის, ვინც ამბობს, რომ უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი, თუმცა არ მიმართავს ალლაჰს და მის შუამავალს, მაშინ, როცა რაიმე პრობლემა გადასაჭრელი აქვს, არ იდგენს მათ მსაჯულად. დღესდღეობით, აშკარად ვხედავთ ადამიანთა ნაწილს, რომელნიც ამოფარებულნი არიან ისლამს და ამ ქვეყნის სარგებლის მოსაპოვებლად ჰყიდიან რელიგიას, შემდეგ კი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარულზე საუბრობენ.

მორწმუნე, საქმე მის საწინააღმდეგოდ რომც იყოს, უპირატესობას მაინც ალლაჰსა და მის შუამავალს მიანიჭებს. აი ეს არის ნამდვილი სიყვარულის გამოხატულება. სარგებლის (ამ ქვეყნიური სარგებლის) მოპოვების მიზნით სიყვარულს ყველა გამოხატავს, თუმცა ნამდვილი სიყვარული შეუთანხმებლობის დროს არის იქ, სადაც სარგებლის მოპოვების მიზანი არ არსებობს.

„24/51. როცა მორწმუნენს მოუხმობენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მან მათ შორის არსებული, ამბობენ: „შევისმინეთ და გმორჩილებთო!“ უეჭველად, ისინი არიან ნეტარნი!“

მორწმუნეები იტყვიან: „შევისმინეთ და გმორჩილებთო!“, თუნდაც ეს მათ საწინააღმდეგოდ იყოს. მუნაფიყები (ორპირები) კი ისლამს ზურგს აქცევენ ან თავს არაკომფორტულად იგრძნობენ. ხოლო სამართალი თუ მათ მხარეს არის, სირბილით გაიქცევიან (მორჩილებისკენ).

„24/48. როცა მათ მოუწოდებენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მათ შორის, ნაწილი მათგან პირს იბრუნებს.
49. მართალნი რომ იყვნენ, მორჩილად მიეახლებოდნენ მას.
50. ნუთუ მათი გულები დასნეულებულია? ან იქნებ, ეჭვობენ? ან იქნებ, ეშინიათ, რომ ალლაჰი და მისი შუამავალი უსამართლოდ განსჯის მათ? არა, ისინი თავად იქცევიან უსამართლოდ!“

მას, ვინც განსასჯელად ალლაჰსა და მის შუამავალს არ მიმართავს, სიყვარულში კი არა რწმენაში აქვთ პრობლემა. 

„4/65. მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ნამდვილი მორწმუნენი ვერ იქნებიან ეგენი, სანამ მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.“

მოკლედ, თუ გვინდა, რომ დავამტკიცოთ ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარული, გასაჭირის ან არსებული უთანხმოების დროს ალლაჰისა და მისი შუამავლის სასამართლოს უნდა მივმართოთ.

3)  ალლაჰზე და მის შუამავალზე წინ არაფრის და არავის დაყენება

ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება, არჩევანის წინაშე დადგომის დროს, ალლაჰზე და მის შუამავალზე არჩევანის გაკეთება, მათზე უპირატესობის მინიჭებაა. 

„9/24. უთხარი: თუ მამები თქვენი, და შვილნი თქვენი, და ძმები თქვენი, და მეუღლენი თქვენი, და წრენი თქვენი, და ქონება, რომელიც მოაგროვეთ, და ვაჭრობა, რომლის შეფერხებაც გაშინებთ, და საცხოვრებელი სახლები, რომელიც კმაყოფილებას გგვრით, უფრო საყვარელია თქვენთვის, უფრო ძვირფასია ალლაჰზე და მის შუამავალზე და მის გზაზე ბრძოლაზე, მაშ, დაელოდეთ, სანამ ალლაჰის ბრძანება მოევლინებოდეს (1) (სანამ გეწეოდეთ ალლაჰის რისხვა). ხოლო ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უკეთურ ხალხს!“

როგორც აიათშია მოცემული, მორწმუმენ ყველაზე და ყველაფერზე წინ უპირატესობა ალლაჰს და მის შუამავალს უნდა მიანიჭოს. იბნ-ი ქაიიმ-ი ამბობს: „პიროვნების მორჩილება, სიტყვა, კმაყოფილება, შიში, იმედი, მინდობა თუ სხვაზეა მიმართული გარდა ალლაჰისა და მისი შუამავლისა, მაშინ მას არ უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი. მსგავსია იმის მდგომარეობაც, ვინც ალლაჰისა და მისი შუამავლის ჰუქმის (გადაწყვეტილება) მაგიერ სხვას მიანიჭებს უპირატესობას. ვინც ალლაჰზე და მის შუამავალზე წინ სხვას დაიყენებს, ნიშნავს, რომ მას ის უფრო უყვარს ვიდრე ალლაჰი და მისი შუამავალი.“ ( Medaricu’s-Sâlikin, 1/100).

„49/1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წინ ნუ გაასწრებთ ალლაჰს და მის შუამავალს და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმომსმენია, ყოვლისმცოდნეა.“

აიათში გადმოცემული სიტყვები „წინ ნუ გაასწრებთ ალლაჰს და მის შუამავალს“, მოიცავს ყველაფერს ანუ სიყვარულს, ჰუქმს, კმაყოფილებას, მინდობას, მიმართვას, მბრძანებლობას და ა.შ. ნუ დაიყენებთ მსაჯულად ალლაჰისა და მისი შუამავლის გარდა სხვას. ნუ შეიყვარებთ სხვას ალლაჰისა და მის შუამავალზე მეტად. ნუ მიენდობით სხვას ალლაჰზე მეტად და ა.შ.

მოკლედ, არაფერი და არავინ არ უნდა დავაყენოთ ალლაჰისა და მისი შუამავლის წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვის თქმა სიყვარულსა და რწმენაზე შეუძლებელია.

4)  მოთმინება პრობლემებისა და უბედურებების დროს

რწმენის ყველაზე მკვეთრი ნიშნებიდან ერთ-ერთი, უბედურებებისა და პრობლემების წინაშე მოთმინებაა. ალლაჰი, გულწრფელი რწმენის გამოააშკარავებლად მორწმუნეებს გამოცდას უწყობს. გამოცდას თუ ჩააბარებს, ნიშნავს იმას, რომ მას ალლაჰი და შუამავალი ნამდვილად (გულწრფელოად) უყვარს, ხოლო თუ მოთმინებას არ გამოიჩენს და ამხედრდება, ნიშნავს იმას, რომ მისი სიყვარული ალლაჰისა და შუამავლის მიმართ ნამდვილი (გულწრფელი) არ არის.

„2/155. და, უეჭველად, ჩვენ გცდით თქვენ ცოტა შიშითა და შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით. და შენ ახარე მომთმენთ,“

„3/186. უთუოდ, გამოიცდებით თქვენსავე ქონებითა და საკუთარი თავით, და მოისმენთ ბევრ აუგს მათგან, ვინც მიიღო წიგნი თქვენამდე, და მათგანაც, ვინც წარმართი იყო. და თუ იქნებით მომთმენნი და ღვთისმოშიშნი, უეჭველად, აი ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია.“

„29/2. ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“?
29/3. ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს!“

როგორც აიათებშია გადმოცემული, ადამიანები გამოცდას გაივლიან და ვინც იქნება მომთმენი ფასდაუდებელ ჯილდოს მიიღებს. ახლა კი, ვნახოთ თუ რას ამბობს ალლაჰი მათზე, ვინც გამოცდას მოთმინებით არ იღებს:

„22/11. ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ეთაყვანებიან ალლაჰს, მაგრამ ორჭოფობენ. თუ სიკეთე ეწიათ, თავს მშვიდად გრძნობენ და თუ განსაცდელი ეწიათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც. სწორედ ეს არის ცხადი წარწყმედა!“

„29/10. და ადამიანთაგან, ვინც ამბობს: „ვირწმუნეთ ალლაჰი.“ საკმარისია ტანჯვა ეწიოთ ალლაჰის გზაზე, მაშინვე ადარებენ ხალხის განსაცდელს ალლაჰის სასჯელს. და თუ შეწევნა მოევლინება შენი ღმერთისგან, აუცილებლად იტყვიან: „თქვენთან ერთად ვიყავითო.“ მაგრამ ალლაჰი ხომ უკეთ უწყის, რა იმალება სამყაროთა გულებში?“

მორწმუნე მისი რწმენის, გულწრფელობის და რელიგიისადმი კავშირის შეფარდებით გამოიცდება. თუ მისი რწმენა და რელიგიისადმი კავშირი ძლიერია, მაშინ მას რთული და მწვავე გამოცდა ელის, ხოლო თუ მისი რწმენა სუსტია, გამოცდაც მისი შეფარდებითია. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „მორწმუნე გამოიცდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც რწმენასთან არის დაკავშირებული. თუ მისი რწმენა ძლიერია, მისი გამოცდაც ძლიერი იქნება. თუ მისი რწმენა სუსტია, გამოცდაც შესაბამისი იქნება.“ (Tirmizi, 2398).

„მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს მოევლინებათ გამოცდა (მშვილებისა და ქონების გამოცდა) მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე უცოდველი არ წარსდგებიან.“  (Tirmizi, 2399).

„ადამიანებიდან ყველაზე მეტი უბედურება შუამავლებმა გადაიტანეს, მათ შემდეგ კი არიან ისინი, ვინც მათ გზას ყველაზე კარგად მიჰყვებიან.“ (Tirmizi, 2398).
„ალლაჰს ვისთვისაც კარგი სურს, მას უბედურებას მისცემს.(გამოცდის მიზნით).“ (Buhari, Kitabu’l Merda, 1).

იბნ-ი თაიმიია ამბობს: „ალლაჰი ადამიანს გამოცდას (უბედურების სახით) იმის გამო კი არ უწყობს, რომ დაამდაბლოს იგი, არამედ იმიტომ, რომ სურს მათი გამოცდა. ბედნიერი იქნება ის, ვინც ამ გამოცდას გაივლის, ხოლო უბედური იქნება ის, ვინც გამოცდას ვერ გაივლის. გამოცდა მორწმუნეებისთვის და შუამავლებისთვის ბედნიერების მიზეზად იქცა, ხოლო ქააფირებისთვის და ურწმუნოებისთვის უბედურების მიზეზი გახდა.“ (Kaidetün fi’l Mahabbeti, გვ. 163).

ყოველივე ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალლაჰი ადამიანს მისი რწმენის სიძლიერის მიხედვით გამოცდას უწყობს. მორწმუნე რწმენაში თუ გულწრფელია, გამოცდას ჩააბარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიჭრება. ის, ვინც აცხადებს, რომ უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი, გასაჭირისა და უბედურებების დროს მოთმინება უნდა გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ გამოცხადებული სიყვარული ტყუილად ჩაითვლება.